პრემიერ-მინისტრმა სოფელ ჯიღაურაში მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დათვალიერა

10 Sep 2021 21:01

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერა.


ვიცე პრემიერის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს 2014 წელს გადაეცა ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა, რომელიც ააიპ „აგრო“-სა და შპს „აგრო-ქართუ“-ს მიერ საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“-ს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.


80 ჰა ფართობზე განთავსებულია ვაზის 470-მდე ქართული და 350 მდე უცხოური ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია; 400-ზე მეტი თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების სადედეები, 90-მდე სახეობის ტყის მცენარეების ცოცხალი კოლექცია, თუთის 11 ჯიშისა და 30-ზე მეტი ფორმის კოლექცია, გოჯი ბერის 5 სხვადასხვა ჯიშის 1000-მდე საბაზისო ნერგის სადემონსტრაციო ნაკვეთი, სამყნობ-სასტრატიფიკაციო და სამაცივრე კომპლექსი, მცენარეთა ფუმიგაციის და თერმული დამუშავების კომპლექსი, ვირუსოლოგიის ლაბორატორია და სათბურ-ორანჟერიები.


ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ უკვე დასრულებულია მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო კვლევითი სივრცის მშენებლობა, სადაც შეიქმნება ქართული ვაზის და ღვინის კულტურის ცენტრი და ლაბორატორიულ, საკონფერენციო, საოფისე, სადეგუსტაციო სივრცეებთან ერთად, ვაზის და ღვინის სამუზეუმო კუთხე, მარანი და ენოთეკა მოეწყობა. პროექტის ღირებულება 2 888 882 ლარია.


პრემიერ-მინისტრთან ერთად მრავალწლიანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი