გიორგი გახარია ოცნებაზე: „შექმნეს დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ნიკა მელია, რომელიც მსჯავრდებული უნდა იყოს და პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული - დღეს არის მერობის კანდიდატი. ეს არის უსუსურობა“

11 Sep 2021 02:03

„წინა არჩევნები - საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ჩატარდა დემოკრატიულად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა როგორც დემოკრატიული. 


ამ არჩევნების ჩატარებაში მე ძალიან დიდი წვლილი მაქვს მიღებული. რატომ უნდა მომხდარიყო გარკვეული პირობებით ამ არჩევნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, მე არ ვიცი. ეს ოცნების უსუსურობის კიდევ ერთი მაგალითია.“ - ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია 19 აპრილის შეთანხმებაში 43%-იანი ბარიერის ჩაწერის შესახებ. 


გახარია ხაზს უსვამს, რომ ნაციონალურ მოძრაობას სენტიმენტები არა მისადმი, არამედ ოცნებისადმი აქვს, რადგან ოცნების უსუსურობის მეშვეობით მათ პარლამენტზე შტურმის მიმტანი ნიკა მელიას რეაბილიტაცია შეძლეს და ის დღეს მერობის კანდიდატია.  


„შექმნეს დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ნიკა მელია, რომელიც მსჯავრდებული უნდა იყოს  და პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული -  დღეს არის მერობის კანდიდატი და თქვენ მე კიდევ მეკითხებით, რომ ნაციონალურ მოძრაობას თურმე ჩემთან რაღაც სენტიმენტები აქვს. მარტივ რაღაცას გეტყვით - ნაციონალურ მოძრაობას  სენტიმენტები აქვს ოცნებასთან, იმიტომ რომ მათი უსუსურობის პირობებში სახელმწიფოზე, პარლამენტზე ფიზიკური შტურმის მიმტანის და ორგანიზატორის ამნისტირება მოახდინეს და სამუდამოდ ჩააცვეს პოლიტიკური ჯავშანშილეტი.“ - განაცხადა გახარიამ. 


გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმების საგნად ნიკა მელიას ამნისტიის ქცევა უშუალოდ ნიკა მელიას იმუნიტეტის მიღმა მსგავსი დანაშაულებების წახალისებაა და მიუღებელია, რადგან ათწლეულების წინ სწორედ პოლიტიკური ცვლილებების ძალადობრივი მეთოდით მიღწევამ გამოიწვია პრობლემები სახელმწიფოს მშენებლობაში შემდგომი ათწლეულების მანძილზე.


„მე შემდეგ რამეს გეტყვით - ამ ქვეყანაში ყველას, ვინც 40 წელს გადაცილებულები ვართ - ძალიან კარგად გვახსოვს ძალადობით და ფიზიკური დაპირისპირებით ხელისუფლების ცვლილებამ სადამდე მიგვიყვანა - ამან მიგვიყვანა იმ დონემდე , რომ 30 წლის განმავლობაში ნორმალურად სახელმწიფო ვერ შევქმენით სწორედ აი ამ მიზეზების გამო. 


ქართულმა ოცნებამ რომ ფაქტობრივად პოლიტიკური იერსახე მისცა პარლამენტზე შტურმს - ეს, ჩათვალეთ რომ  მარტო  მელიასათვის იმუნიტეტი კი არ არის -  არამედ, მსგავსი დანაშაულების წახალისება და ეს კატეგორიულად მიუღებელია! ეს არის უსუსურობა!“ - ამბობს გიორგი გახარია.




კომენტარები:

ფართი შოპი