გიორგი გახარია - შეუძლებელია თბილისი საქართველოს წარმატების გარეშე, ისევე როგორც წარმატებული საქართველო ძლიერი თბილისის გარეშე

11 Sep 2021 21:55

„შეუძლებელია თბილისი საქართველოს წარმატების გარეშე, ისევე როგორც წარმატებული საქართველო ძლიერი თბილისის გარეშე“ - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ვაკეში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. 


გიორგი გახარიამ ვაკის მოსახლეობასთან დღეს, პარტია „საქართველოსთვის“ ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ (მეკო) მაჭავარიანი წარადგინა. 


„მე მინდა, მადლობა გითხრათ მხარდაჭერისთვის, გთხოვოთ, რომ ამ ადამიანს, მეკო მაჭავარიანს დაუჭიროთ ყველამ ერთად მხარი იმისთვის, რომ კეთილსინდისიერი პროფესიონალების ხელში იყოს თბილისი და თბილისის საკრებულო. 


ჩვენ ხომ თავიდანვე ვთქვით, რომ ვერთიანდებით, მაგრამ არავის წინააღმდეგ, არავისთან ჩხუბს და ომს არ ვაპირებთ, მაგრამ ის, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის მომავალი, ამის განხორციელებაშიც ვერავინ შეგვიშლის ხელს.


 ამიტომ, ჩვენს გვერდით ყოველთვის იქნებიან ახალგაზრდა კეთილსინდისიერი პროფესიონალები ისეთი, როგორც არის მეკო, ისეთი, როგორიც არის ლევან დოლიძე, ტატა ხვედელიანი და კიდევ ბევრი, რომ ვემსახუროთ ამ ქვეყანას, ამ ქალაქს და მივაღწიოთ იმას ერთხელ და სამუდამოდ, რომ შევძლოთ ამ ქვეყანაში ნორმალური, ძლიერი და სამართლიანი სახელმწიფოს აშენება. 


ესაა ჩვენი მიზანი. ვიწყებთ რა თქმა უნდა თბილისიდან" - განაცხადა გიორგი გახარიამ. 


პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს არ არის რიგითი მუნიციპალური არჩევნები და ცვლილებების დრო მოვიდა.


„ეს არ არის რიგითი მუნიციპალური არჩევნები, იმიტომ რომ ვისაც უნდა რომ ეს დაიჯეროს, გულის სიღრმეში იმანაც იცის, რომ ცვლილებების დრო მოვიდა და რაღაცა უნდა შეიცვალოს. ამიტომ, ისე როგორც ჩვენს ღირსებას, ჩვენს პატიოსნებას შეესაბამება, ესე უნდა მოვიქცეთ და საქმე რაც არის გასაკეთებელი, დამიჯერეთ, რომ ამას ჩვენ მივხედავთ და ჩვენ გავაკეთებთ. ახლა რაც შეეხება, ძალიან ბევრს საუბრობენ ამ ჩვენს წარსულზე, მომავალზე და კიდევ ბევრ რაღაცაზე. 


საერთოდ არანაირი კომპლექსი არა გვაქვს ჩვენ იმიტომ, რომ მაშინ როდესაც ოცნებაში ვიყავით, მაშინაც პატიოსნად ვემსახურებოდით ქვეყანას, ქალაქს, პარტიასაც მათ შორის, მაგრამ როგორც კი ვნახეთ, რომ სახელმწიფოზე მაღლა, ქვეყანაზე მაღლა დადგა რაღაც სხვა ინტერესები, ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არის და ეს, მეტი არაფერი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარვყოფთ ყველაფერს იმას, რაც ჩვენს წარსულში იყო, პირიქით. იქ ბევრი კარგი რამე იყო. ამ კარგს დავიტოვებთ და გავაგრძელებთ, უბრალოდ რაღაცეებს გავაკეთებთ ბევრად უფრო სწრაფად, უკეთესად, ეფექტიანად და სამართლიანად. 


ეს არის და ეს, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში და განსაკუთრებით ამ ქალაქში უნდა დამთავრდეს კორუფციაც, ნეპოტიზმიც და კიდევ ბევრი რამ. 


ეს არის ჩვენი მთავარი და ყველაზე ძლიერი მხარე. ვერავინ ვერაფერს ჩვენ ვერ დაგვაბრალებს. პატიოსნად ვემსახურებოდით ქვეყანას და გავაგრძელეთ ამ მსახურებას და ერთხელ და სამუდამოდ ყველგან, არა მხოლოდ თბილისში, სხვაგანაც, განსაკუთრებით პატარა ქალაქებში ადამიანს, მოქალაქეს უნდა ეკითხებოდნენ ამ გზის გაკეთება ურჩევნია დღეს თუ აი ამ გზის, დენის გაყვანა ურჩევნია თუ სხვა რამის მოწესრიგება, ფასადის შეღებვა თუ ხის დარგვა. ჩვენ თუ ეს არ მივხვდით და ამ ბავშვებს ეს არ ავუხსენით, სულ ასე ვიქნებით. 


30 წელია ერთი და იმავე წრეზე დავდივართ მხოლოდ და მხოლოდ იმ იმიტომ, რომ ყველა პოლიტიკური ძალის გამარჯვება ნიშნავს წინამორბედის სრულ განადგურებას და ეს უნდა დავივიწყოთ. უნდა დავამთავროთ ყველა ჯერზე ნულიდან ქვეყნის შენება. 


კარგი რაც არის უნდა დავიტოვოთ და ზემოდან ახალი უნდა დავამატოთ. ამისთვის გვჭირდება ჩვენ მეკო. ამისთვის გვჭირდება ლევანი, ამისთვის გვჭირდება კიდევ ბევრი ადამიანი იმიტომ, რომ შეუძლებელია თბილისი საქართველოს წარმატების გარეშე, ისევე როგორც წარმატებული საქართველო ძლიერი თბილისის გარეშეც შეუძლებელია. ამიტომ აქედან დავიწყებთ ნელ-ნელა. მე რაც არ უნდა დამიძახონ და როგორც არ უნდა გამლანძღონ, ეს ჩემზე არ მოქმედებს, მე ერთი ნერვი არ გამიტოკდება, მარტივი მიზეზის გამო, უბრალოდ ვიცი რა არის მიზანი, როგორია გეგმა ამ მიზნამდე რომ მივიდეთ და რაც მთავარია, ვიცი, რომ არც მაგათ ქებას და არც ლანძღვას ფასი არა აქვს. ნული იყო მაშინაც და ნულია ახლაც. ახლა მთავარი არის, რომ პატიოსანი, კეთილსინდისიერი ხალხი.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 


ვაკეში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ისაუბრა თბილისის სატრანსპორტო ეკონომიკური პოლიტიკის აუცილებლობაზე. 


„თბილისის შემთხვევაში დასამარცხებელია კორუფცია, დასამარცხებელია ნეპოტიზმი. ადამიანები არიან ჩასართავი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თბილისში შესაქმნელია თბილისის ეკონომიკური პოლიტიკა. 


დღეს თბილისის ეკონომიკური პოლიტიკა არ არსებობს. თბილისის ეკონომიკა ვიღაცას ჰგონია, რომ მართლა ღამის ეკონომიკაა. 


რაც მთავარია, მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ეს რესურსი რომლითაც ქუჩები იგება, ფასადები იღებება, ხეები ირგვება, რაღაც წყალგაყვანილობა კეთდება, ეს ჩვენი ფულია. 


ეს ყველას უნდა ესმოდეს, რომ თითო თეთრის ხარჯვაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ნებისმიერი საჯარო მოხელე და ამიტომ ეს საჯარო მოხელეები პოლიტიკისგან თავისუფლები უნდა იყვნენ და უნდა ემსახურებოდნენ ხალხს და ქვეყანას. ეს იქნება ძირითადი პრინციპები. 


ახლა დეტალებში არ შევალ, თუმცა თითოეული რაიონისთვის, აი მარტივ მაგალითს გეტყვით, ტრანსპორტის ნაწილი. თბილისში, ისტორიულად, ჩემი მოგონილი არ არის, უამრავი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტია შექმნილი და აკადემიკოსები მუშაობდნენ ამაზე.


თბილისში სანამ არ მოწესრიგდება მეტრო და სანამ  მტკვარზე არ გაკეთდება კიდე რამოდენიმე, მინიმუმ 4-5 ხიდი არაფერი არ ეშველება ამ სატრანსპორტო სისტემას.


ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია ფასადი შევღებოთ თუ ხიდი ავაშენოთ მტკვარზე, ეს არის პრინციპული სხვაობა იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ გვთავაზობენ. 


ეს ადამიანი არის ღირსეული ვაკელი, ძირძველი ვაკელი იცის აქაური ადამიანების მენტალობა, ფასეულობები და იციან ამ ხალხმაც ამის სიტყვის და საქმის ფასი, ამიტომ ავირჩიეთ მეკო და მინდა მას მადლობა ვუთხრა, იმიტომ, რომ ამ კაცს კომფორტული ცხოვრება ჰქონდა და ამ თავისი კომფორტული ზონიდან გამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ ვაკეს, თბილისს და ქვეყანას ემსახუროს, მე ვთვლი რომ ეს დასაფასებელია. და არ არის ის, იმ მდგომარეობაში, რომ წავიდეს იმისთვის, რომ ვიღაცას რაღაცა დაუმტკიცოს, ყველაფერი დამტკიცებული აქვს და არ სჭირდებოდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანას და კუთხეს ემსახუროს, ამ შემთხვევაში ვაკეზე ვსაუბრობ.


ამ ქვეყანაში, სოფელში, სადღაც რომ ჩახვალ - ყველა დაპირება გაცემულია, რაც შეიძლება, რომ ადამიანს დაპირდე ავანსად ერთი ათი წლის მარაგი დაპირებებია გაცემული. 


ამიტომ საქმეა საკეთებელი და სიტყვას ნათქვამს უნდა ჰქონდეს ფასი. ძალიან კარგად გვესმის , რომ ერთ არასწორად ნათქვამ სიტყვას თავისი ფასი აქვს და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ არც ვაკეში, არც ჩხოროწყუში, არც ბათუმში , არც ზუგდიდში, არც ქუთაისში და არც თელავში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მარტივად გავუგებთ ერთმანეთს და ამ გაგების საფუძველი არის ის, რომ თავი უნდა დავანებოთ ერთმანეთის ლანძღვას, გინებას და ცემას, აი ის ცირკი რომ ხდება ტელევიზორს რომ ჩართავ, საქმეს უნდა მოვკიდოთ ხელი. რაც არ უნდა გვეძახონ, ჩვენი პასუხი იქნება მშვიდი და ღირსეული" - განაცხადა გიორგი გახარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი