გიორგი გახარია - სამგორში წარვადგინეთ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსი კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც წლებია ემსახურება ამ ქვეყანას და მისთვის არასოდეს მნიშვნელობა არ ჰქონია, რომელიმე პარტიისთვის მსახურებას

14 Sep 2021 12:27

ამის შესახებ გიორგი გახარიამ სამგორში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ ქემოკლიძე სამგორის მოსახლეობას წარუდგინა. 


„ეს მუნიციპალური არჩევნებია, მაგრამ გამოდის ისე, რომ მუნიციპალურ დონეს გასცდა უკვე ეს არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად თქვენი მხარდაჭერით - ჩვენი გუნდი მიიღებს ამ არჩევნებში მხარდაჭერას არა მარტო თბილისში, მთელი ქვეყნის მაშტაბით, ჩვენ ყველანი ერთად დავიწყებთ ცვლილებებს ამ ქვეყანაში, აი ამ ბავშვებისთვის“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე თბილისის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება სხვადასხვა უბანში განვითარების ამხელა სხვაობა იყოს განვითარებაში.

„დღეს მუნიციპალურ დონეზე თბილისში, სამგორშიც უამრავი პრობლემაა, მიუხედავად იმისა, რომ ფასადები გარემონტდა, ბევრი სკვერი გაკეთდა, ბევრი რამ გამწვანდა, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არის უფრო სისტემური პრობლემები, როგორიც არის ეკონომიკა, სამუშაო ადგილები, საბაზისო ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური სერვისები. ქალაქი ძალიან მალე იზრდება და სერვისები ვერ ასწრებს ასე სწრაფად ზრდას, მაგრამ  მთავარი აქ არის ის, რომ არ არის სამართლიანობის შეგრძნება და თანაბრად გადანაწილება იმ რესურსის უბნების მიხედვით, რომელიც თბილისს გააჩნია და რას ვგულისხმობ აქ. ვგულისხმობ იმას, რომ არ შეიძლება სხვადასხვა უბანში ამხელა სხვაობა იყოს განვითარებაში. არ შეიძლება მაგალითად სამგორში არსებობდეს უბნები, სადაც ტრანსპორტი, საბავშვო ბაღი დეფიციტია, და სხვაგან ჩვენ ვზრუნავთ, მაგალითად ფასადებზე და რაღაც სხვა ფუფუნების საგნებზე.


მაგალითად ბევრგან არის, როდესაც ამორტიზებული საცხოვრებელი ფონდის რემონტისთვის გამოყოფილი თანხები - აი, გვერდიდან, ნაცნობობით, კორუფციულად, ვიღაცას უკეთებენ. ეს ძალიან მძიმეა.  ყველას უნდა ჰქონდეს სამართლიანობის განცდა, კორუფციისგან ცარიელი, ნეპოტიზმისგან ცარიელი და აი ამ მძიმე ბიუროკრატიისგან ცარიელი თბილისი გვჭირდება ჩვენ ყველას.

ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სამგორში წარვადგინეთ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც არის უაღრესად პატრიოტი ადამიანი, რომელიც ემსახურება ამ ქვეყანას და ამ სახელმწიფოს უკვე წლებია და მისთვის არასოდეს მნიშვნელობა არ ჰქონია, რომელიმე პარტიისთვის მსახურებას. მისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს მსახურება! 


კახა არის უაღრესად გამოცდილი კაცი, უაღრესად გამოცდილი კაცი, თბილისელი, ძირძველი თბილისელი, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, არის კეთილსინდისიერების და პროფესიონალიზმის განსახიერება ჩვენს გუნდშიც! ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ კახა თქვენთან ერთად ამ არჩევნებში გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს თბილისისთვის, სამგორისთვის, ვარკეთილისთვის, ყველა უბნისთვის, იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება გახდეს უფრო კომფორტული და ის პრობლემები, რომლებიც გვაქვს 21-ე საუკუნეში, ეს საკუთრების დაკანონების პრობლემები, მიწის დაკანონების პრობლემები, ტრანსპორტი, ელემენტარული მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, გზა, წყალი, დენი, კანალიზაცია... აი, ასეთი პრობლემები, რომლებიც 21-ე საუკუნეში არ უნდა იყოს, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვაგვაროთ. მინდა, იცოდეთ, რომ ყველაზე მთავარი მიზანი ჩვენთვის იქნება, რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერი პროფესიონალები, რომლებიც უნდა ემსახურონ სახელმწიფოს და რომლებმაც უნდა შექმნან ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელმაც უნდა დაიცვას ეს ბავშვები, ჩვენი კულტურა, ჩვენი ეკლესია, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და კიდევ ბევრი რამ" - აღნიშნა გიორგი გახარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი