საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14 Sep 2021 15:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თეიმურაზ მღებრიშვილმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა - ნათია ლოლაძემ.

მემორანდუმის მიზანია საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის, რეაგირებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა, რათა მოხდეს ადგილობრივი თემების, ინსტიტუციების განმტკიცება და მოწყვლადობის შემცირება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაცია ახორციელებენ ერთობლივ პროექტს,  სახელწოდებით -  „სამოქალაქო დაცვის სისტემის გაძლიერება მოხალისეთა შესაძლებლობების გაძლიერების გზით“. პროექტის ფარგლებში, წინასწარ განსაზღვრულ საპილოტე რეგიონებში დაგეგმილია მოხალისეთა ჯგუფის მომზადება და გადამზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ურთიერთგაცვლის მეშვეობით, საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების შესაძლებლობის გაძლიერების მიმართულებით,  წლების განმავლობაში ნაყოფიერად თანამშრომლობს.




კომენტარები:

ფართი შოპი