ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი თუ შეხედავს, რომ მისმა ტელევიზიებმა მოახერხეს ბინძური კამპანიის ფონზე მუხტის აწევა და საზოგადოების მღელვარების და ქაოსის ნიშნები დაინახა, შეიძლება იფიქროს ჩამოსვლაზე, სხვა შემთხვევაში არ არის ის კაცი, რომელიც ასე ვაჟკაცურად ჩამოვა, ციხეში ჩაჯდება და მოიხდის სასჯელს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დასმულ კითხვას იმის შესახებ, რომ სააკაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარებმა ურჩიეს, რომ არჩევნების შემდეგ ჩამოვიდეს.
როგორც მდინარაძემ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, ეს ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, რომელიც „წარსულში დაბრუნებას არ დაუშვებს“.
„თუ შეხედავს, რომ მუხტი ვერ აწიეს, სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიით საზოგადოება ვერ აღაშფოთეს და „ქართულ ოცნებას“ რაღაცები ვერ დააბრალეს, ამ შემთხვევაში ჩამომსვლელი არსად არ არის. გამორიცხულია, ამ ადამიანმა გაბედოს ჩამოსვლა, ციხეში ჩაჯდომა და იქ რაღაც დროის გატარება, თუ სხვა წარმოდგენები და მოლოდინები არ ექნა. იმ შემთხვევაში, თუ მუხტს აწევენ, როგორც თავად უნდათ ამ ბინძური კამპანიის ფონზე, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მართლა იფიქროს. ქართველ ხალხზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი. ქართველი ხალხი იმ წარსულში დაბრუნებას, რომელსაც ახლა გვახვევენ თავზე, არასდროს დაუშვებს“,- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში არეულობა და ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის ჩაძირვა არავის სჭირდება.
„ამ მიმართულებით დიდ უმცირესობაში არიან. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ქართველ საზოგადოებასთან ერთად ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ეროვნულ იდენტობას, გამოვალთ ყოველთვის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ამ ფარგლებში მოვუფრხილდებით მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციას, როგორც ამ იდენტობის ერთ-ერთ საფუძველს. ამის წინააღმდეგ რაღაც სუბიექტური კამპანიის დალაგება თუ მოუნდებათ ვიღაცებს, ამას ვერ მიაღწევენ“,- განაცხადა მდინარაძემ.