ზურაბ აბაშიძე - სააკაშვილი ცდილობს თავი გამოიძვრინოს და ისეთ აბსურდამდე მიდის, რომ პრეზიდენტი იყო, მაგრამ ყველა დანაშაული მის ზურგს უკან ხდებოდა, ეს ცინიზმია!

15 Sep 2021 14:25

წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება ხელს არავის დააფარებს. მაშინ ყოველგვარი უმსგავსობა წახალისებული იყო, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში" „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რითაც ფარული აუდიო-ჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა.


როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ქვეყანაში თუ რაიმე უმსგავსობა და მიუღებელი დაინერგა, საფუძველი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაუყარა.


„ამ ქვეყანაში თუ რაიმე უმსგავსობა და მიუღებელი დაინერგა, რა თქმა უნდა, საფუძველი იმ პერიოდის ხელისუფლებამ ჩაუტარა, ეს ფაქტია. გუშინ საკმაოდ დაკვირვებით გავეცანი განცხადებებს, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და უნდა მივყვეთ იმას რაზეც საუბარია, გამოძიება დაწყებულია. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, საიდან მოხდა, რასთან გვაქვს საქმე. დისკრედიტაციის პროცესი მიდის, რაც სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია. დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება ხელს არავის დააფარებს. მაშინ ყოველგვარი უმსგავსობა წახალისებული იყო. მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ამ ვითარებიდან თავი გამოიძვრინოს და ისეთ აბსურდამდე მიდის, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მაგრამ პრაქტიკულად ყველა დანაშაული მის ზურგს უკან ხდებოდა. ეს ცინიზმია! ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას აბსოლუტურად სხვა პრობლემები აწუხებს. აწუხებთ საკითხები, რაც მათ ყოფით პრობლემებთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა აბაშიძემ.


შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.




კომენტარები:

ფართი შოპი