„მთავარი არხის“ ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პირველადი მონაცემებით, ოპერატორს სერიოზული დაზიანება არ აქვს.
„ბექა ყორშია და მისი ოპერატორი მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და კითხულობდა „ჩლიქოსანს“, შეურაცხყოფას აყენებდა იქ შტაბის წარმომადგენელს. საუბარია, რომ ასე ჩვენი მერობის კანდიდატს მოიხსენიებდა.
მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, მთავარი არხის ოპერატორი უკანსვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც ე.წ ტერასაზე ის წამოედო მოაჯირს და გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე. ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან, თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს და ყველაფერი კარგად იქნება. როგორც გვეუბნებიან, პირველადი მონაცემებით, საბედნიეროდ ოპერატორს რაიმე სერიოზული დაზიანება არა აქვს, თუმცა მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენელს შორის არ ყოფილა და პირდაპირ გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიამ იცრუა“, - განაცხადა მდინარაძემ.