ნიკა მელია - ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს, ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს და ამბობს, რომ თავისით გადმოვარდა, არ არის ხელისუფლება - მოვიკრიბოთ ძალები და საკადრისი პასუხი გავცეთ

15 Sep 2021 23:54

ყველანი დავრწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს და ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს და ახლა ამბობს, რომ ის თავისით გადმოვარდა - არ არის ხელისუფლება და არც რეჟიმია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც ქარელში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა.


მისი თქმით, მომხდარ ფაქტს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს.


"სოლიდარობა ლევან აბლოთიას, ადამიანს, რომელიც საკუთარ მოვალეობას ასრულებდა და სოლიდარობა "მთავარ არხს" და მთელ ჟურნალისტთა კორპუსს. მე მგონი ყველანი დავრწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს და ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს და ახლა ამბობს, რომ ის თავისით გადმოვარდა - არ არის ხელისუფლება და არც რეჟიმია. 


ესენი არიან აი აქ სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, აქ მომუშავე მაღალი თანამდებობის პირების მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანები. ის ბატონი კობახიძე, მდინარაძე, კალაძე, ღარიბაშვილი - ესენი უბრალოდ არიან მოლაპარაკე თავები. 


ამ ქვეყანას მართავს თავიდან ბოლომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს. ჩვენ ახლა გვაქვს ცივილიზებული არჩევანი, ნურავინ ნურავის ნუ მიაყენებს შეურაცხყოფას და ნუ ეტყვის, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევა, ეს არის ცივილიზებული არჩევნები, ან ქუჩაში გვხოცავენ, ან ვერ გვხოცავენ, ან ჩვენი ბავშვები იამაყებენ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებით, ან ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ამ ქვეყნიდან წასვლაზე - ეს არჩევანია. ამათი საქმე არის მხოლოდ ის, რითაც არის დაკავებული ქარელის მერობის კანდიდატი, ზედმეტსახელად "ოსტატი", რომელიც 2008 წელს გადმოუბირებიათ და რომლის პირდაპირი მოვალეობა ყოფილა სათვალთვალო კამერების დამონტაჟება მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ხალხო, ეს არის არჩევანი, სადაც უნდა დავადასტუროთ, რომ ან ამაყი ხალხი ვართ, ან უბრალოდ მასა ვართ. ამიტომ მოვიკრიბოთ ძალები და საკადრისი პასუხი გავცეთ", - განაცხადა მელიამ.


ცნობისთვის,ქარელში "ქართული ოცნების" შტაბში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც "მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა. "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ოპერატორი აივნიდან გადმოაგდეს. "ქართულ ოცნებაში" აღნიშნულს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ოპერატორი "კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა".




კომენტარები:

ფართი შოპი