„მოსმენის ფაქტების დადასტურება კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ “ქართული ოცნების“ რეალური საგარეო პოლიტიკა სრულიად აცდენილია მის მიერ დეკლარირებულ ევრო-ატლანტიკურ მიმართულებას.“ - ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს

16 Sep 2021 00:48

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია, “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ფარული მიყურადების და თვალთვალის ამსახველ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 


გამცხადებაში ნახსენებია, რომ ფრაქცია შეშფოთებულია და გმობს, საქართველოში დიპლომატიური მისიების უკანონო მიყურადების და თვალთვალის სავარაუდო ფაქტებს. 


ფრაქციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 


“ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს,  საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების ფარული მიყურადების და თვალთვალის  სავარაუდო ფაქტების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე.


კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცულობა, გარდა საქართველოს კონსტიტუციისა, დაცულია მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებით - მაგალითად, ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლით და ბოლოს, დიპლომატიური სამართლის მთავარი დოკუმენტის, 1961 წლის ვენის კონვენციის 27-ე  მუხლით. ვენის კონვენციის თანახმად, მიმღები ქვეყანა ვალდებულია უზრუნველყოს თავისუფალი კომუნიკაცია ყველა დიპლომატიური მისიისთვის. კონვენცია ასევე იცავს კომუნიკაციის ხელშეუხებლობას. შესაბამისად, დიპლომატიური მისიების უკანონო მოსმენა, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ არღვევს კონვენციას და ექვემდებარება გასაჩივრებას მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში. 


ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ დიპლომატიური მისიების უკანონო მიყურადების და თვალთვალის სავარაუდო ფაქტები ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს უკავშირდება. ხელისუფლება საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით, სავარაუდოდ, ისმენს იმ ქვეყნებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ფუნდამენტურ როლს თამაშობენ საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავებაში, მათ შორის უსაფრთხოების და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალების მიმართულებით. 


იგივე სახელმწიფოები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან დემოკრატიული, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მყარად ინტეგრირებული სახელმწიფოს შესაქმნელად. 


სრული პასუხისმგებლობით გვსურს განვაცხადოთ, რომ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების რთულ გზაზე, ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების უკანონო მოსმენის დადასტურება, შეუძლებელს გახდის ამ მიმართულებით რაიმე პროგრესის მიღწევას. 


მოსმენის ფაქტების დადასტურება კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ “ქართული ოცნების“ რეალური საგარეო პოლიტიკა სრულიად აცდენილია მის მიერ დეკლარირებულ ევრო-ატლანტიკურ მიმართულებას.


დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდობიანი არჩევნების გზით, აუცილებელი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის დასაბრუნებლად ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის და დაცულობის, თავისუფლების უზრუნველსაყოფად.”




კომენტარები:

ფართი შოპი