დათო მაღრაძე: „ნაციონალების“ რევოლუციური სცენარი წინასწარ ჩაგდებულია, საქართველოს მოსახლეობას არ სურს და იმიტომ

16 Sep 2021 13:55

გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოეტმა, დათო მაღრაძემ საარჩევნო პროცესისადმი საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა.


მისი შეფასებით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ ცხოვრობს არჩევნებით. ქართველი კაცი მხოლოდ მითოლოგიასა და ლეგენდებს კი არ ეჭიდება, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, მას მოჰყავს ვაზი, უვლის, ყურძენს წურავს და საუკეთესო ქართულ ღვინოს სთავაზობს მსოფლიოს და თავის სამშობლოს ისე აცნობს, როგორც მართალი და მშრომელი ხალხის ქვეყანას. ისინი მიწას ამუშავებენ, ღვინოს აყენებენ, რომელიც მსოფლიოში განთქმულია. 


არის ხალხი, რომელიც ხორბალს თესავს, თონეში პურს აკრავს და თბილისის სარდაფული ფანჯრებიდან პურის სურნელს აფრქვევს. 


ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო, მზეს ასწრებენ გაღვიძებას, დღედაღამ შრომაში არიან და არჩევნებით ნამდვილად არ ცხოვრობენ. 


მაგრამ არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ნამდვილად არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობს. ისინი სწორედ იმ პერიოდში გამოცოცხლდებიან, შემდეგ კი ისევ უსაქმურ წუწუნს მოჰყვებიან არშემდგარ რევოლუციაზე.


„რევოლუცია ესიზმრება და ელანდება იმას, ვისაც ევოლუციური განვითარება არ შეუძლია. 


თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ იზიარებს ამ განწყობებს. აქ რევოლუციური სცენარი წინასწარ ჩაგდებულია. 


ბოლო შემთხვევისას თავიანთი ოპოზიციური ტელევიზიებით მოვიდნენ, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი შეგროვდა, მათი და ტელეწამყვანების გარდა არავინ მივიდა. ამიტომ, მათი ახლანდელი ნაბიჯი, მიშელის დოკუმენტისთვის ხელის მოწერა, ძალზე უმწეოა. 


იმდენად უსუსური, რომ სერიოზულ განხილვას არც იმსახურებს - შეუძლიათ მოლოტოვ-რიბენტროპის თავდაუსხმელობის პაქტსაც მოაწერონ ხელი და მეორე მსოფლიო ომსაც აარიდებენ სამყაროს. ეს დიდი „გამარჯვება“ წინ აქვთ. ასეთ „წარმატებებს“ მიაღწევენ, მაგრამ რევოლუციას ვერ მოაწყობენ. საქართველოს მოსახლეობას არ სურს და იმიტომ“, - განაცხადა დათო მაღრაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი