სამეზობლოში თურქეთის შემდეგ ფასები ყველაზე სწრაფად საქართველოში იზრდება

16 Sep 2021 15:35

საქართველოში ფასების დონის ზრდის ტემპი ისევ მაღალია. ამის ნათელი დადასტურებაა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 12.8% შეადგინა. 


ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ფასების ზრდის ტემპი საქართველოში უკანასკნელი 10 წლის მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის მიზანი კი არის ინფლაციის მიზნობრივ, 3%-იან ნიშნულზე დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ინსტიტუტი უკვე წლებია, რაც ინფლაციის მოთოკვას ვერ ახერხებს. ქვეყანაში ინფლაცია 12.8% კი არის, თუმცა მოცემულ ერთწლიან პერიოდში ფასები ზოგიერთ სასაქონლე ჯგუფზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა:

  • ტრანსპორტი - ზრდა 22.5%
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ზრდა 16.2%
  • ავეჯი და საოჯახო ნივთები - ზრდა 12.6%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები- ზრდა 11.7%

უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის, თურქეთის შემდეგ ფასები ყველაზე სწრაფად საქართველოში იზრდება.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2021 წლის ივნისში თურქეთში ინფლაციის წლიურმა დონემ 19.25% შეადგინა. ხოლო, იმ ჯგუფების ჩამონათვალი, სადაც ფასები ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა, ასე გამოიყურება:

  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი - ზრდა 29%
  • ავეჯი და საოჯახო ნივთები- ზრდა 22.91%
  • ტრანსპორტი - ზრდა 21.76%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები- ზრდა 21.48%

აზერბაიჯანში ფასების საერთო დონე ყველაზე დაბალი ტემპით გაიზარდა. კერძოდ, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა ქვეყანაში 6% შეადგინა. რუსეთში კი, წლიური ინფლაცია 6.7%-ით განისაზღვრა.

სომხეთში ფასების დონის ზრდა 8.8% იყო. რაც შეეხება ჯგუფებს, სადაც ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა, მათ შორისაა:

  • სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი - ზრდა 15.1%
  • ტანსაცმელი- ზრდა 10.3%
  • ტრანსპორტი- ზრდა 10%
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - ზრდა 9.3%


წყარო:  " ინტერპრესნიუსი"




კომენტარები:

ფართი შოპი