საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ნიკანორ მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა

17 Sep 2021 17:01

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ნიკანორ მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კოლეგებს გააცნო ნიკანორ მელიას განცხადების შინაარსი, რომლითაც მან 2021 წლის 3 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიმართა.

 

კომიტეტმა დაადგინა ნიკანორ მელიას მიერ წარდგენილი განცხადების ნამდვილობა, რის შესაბამისადაც, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი მუხლების თანახმად უნდა დაკმაყოფილდეს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მოთხოვნა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

 

„ეს საკითხი ჩვენი მხრიდან სრულიად დაცლილია რაიმე პოლიტიკური მდგენელისგან, რამეთუ ჩვენ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული ასეთი ტიპის განცხადებაზე რეაგირების ვადები. კომიტეტი სწორედ კანონის დაცვით განიხილავს აღნიშნულ საკითხს“, - განაცხადა სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომიტეტის დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება, რომელიც პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შეიტანს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ დადგენილების პროექტს.


კომენტარები:

ფართი შოპი