„მმართველობას, რომლისთვისაც საქართველოს ისტორიული ღირებულებები პრიორიტეტული არაა უნდა დავემშვიდობოთ“ - მედეა მეტრეველი

17 Sep 2021 17:58

მეტრეველს წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელობის და საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ ფაქტზე, მოქალაქეები ინფორმაციას უკანონო მოსმენების შედეგად მოპოვებული მასალების გზით იგებენ.


მისივე თქმით, გამოსავალი მხოლოდ ერთია, ქვეყანა უნდა დაემშვიდობოს  ისეთ მმართველობას, რომლისთვისაც საქართველოს ისტორიული ღირებულებები არათუ პრიორიტეტული არაა, არამედ, იმდენად უმნიშვნელოა, რომ იაკობ გოგებაშვილის ნეშტის „გაბნევის“ შესახებ საზოგადოების წინაშე თავს ანგარიშვალდებულადაც კი არ მიიჩნევს.


„ქვეყანაში ფაქტობრივად, შეუძლებელია მოიძებნოს ისეთი ადამიანი, რომელიც გაგებით მოეკიდება საქართველოს გამორჩეული საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის ნეშტის დაზიანებას, რის შესახებ, ფართო საზოგადოებამ, ისევ და ისევ მედიის მეშვეობით შეიტყო. 2019 წლის 24 აპრილით დათარიღებული ფაილით ცნობილი ხდება, რომ მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიის სამსახურების მიერ ჩატარებული სამუშაოები ხარვეზებით წარიმართა, რის შედეგადაც იაკობ გოგებაშვილის ნეშტი „გაიბნა“. წარმოუდგენელია, რომ ასეთი მნიშვნელობის და საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ ფაქტზე, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ინფორმაციას ვიგებთ უკანონო მოსმენების შედეგად მოპოვებული მასალების გაჟონვის გზით. ჩვენ ყველა უკვე ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, რომელშიც მნიშვნელობა ეკარგება კულტურას, ისტორიას, ქვეყნის ინტელექტუალურ წარსულს. ქვეყანაში, სადაც საზოგადო მოღვაწეები არ წარმოადგენენ ღირებულებას.


დღეს ჩვენ ყველას გვაქვს საერთო მიზანი - დავემშვიდობოთ ისეთ მმართველობას, რომლისთვისაც საქართველოს ისტორიული ღირებულებები არათუ პრიორიტეტული არაა, არამედ, იმდენად უმნიშვნელოა, რომ იაკობ გოგებაშვილის ნეშტის „გაბნევის“ შესახებ საზოგადოების წინაშე თავს ანგარიშვალდებულადაც კი არ მიიჩნევს,“ - მედეა მეტრეველი.




კომენტარები:

ფართი შოპი