პროკურატურა - მეგის ქარდავამ მიმართა ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა თავიდან აერიდებინა ექსტრადიცია, თუმცა საქართველოს პროკურატურის დასაბუთებული მასალების საფუძველზე, უკრაინამ არ გაიზიარა მისი არგუმენტები

17 Sep 2021 20:37

მეგის ქარდავამ უკრაინის ტერიტორიაზე მიმართა ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა თავიდან აერიდებინა მისი საქართველოში ექსტრადიცია, თუმცა უკრაინის შესაბამისმა ორგანოებმა არ გაიზიარეს ძებნილი პირის მიერ მოყვანილი არგუმენტები და დააკმაყოფილეს საქართველოს გენერალური პროკურატურის თხოვნა ექსტრადიციის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში განაცხადეს.


უწყების ცნობით, მ.ქ.-ს მიმართ მართლმსაჯულება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აღსრულდება.


„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მ.ქ.-ს ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით უკრაინულ მხარეს მიმართა 2017 წლის 10 აპრილს, ხოლო დამატებითი შუამდგომლობები უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ იმავე წლის 9 ნოემბერს და 9 დეკემბერს. ქართული მხარის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, 2017 წლის 1 ნოემბერს ძებნილი პირი დაკავებულ იქნა უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ და მის მიმართ დაიწყო საექსტრადიციო პროცედურები.


საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას მ.ქ. დავობდა, რომ საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნას და არსებობდა მისი უფლებების დარღვევის რისკები. ამ მიზნით ძებნილმა პირმა უკრაინის ტერიტორიაზე მიმართა ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა თავიდან აერიდებინა მისი საქართველოში ექსტრადიცია, თუმცა, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი დასაბუთებული მასალების საფუძველზე, უკრაინის შესაბამისმა ორგანოებმა არ გაიზიარეს ძებნილი პირის მიერ მოყვანილი არგუმენტები და დააკმაყოფილეს საქართველოს გენერალური პროკურატურის თხოვნა ექსტრადიციის თაობაზე. შედეგად, მ.ქ.-ს მიმართ მართლმსაჯულება აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად”, - აღნიშნულია განცხადებაში.




კომენტარები:

ფართი შოპი