გიორგი გახარია - იმ ხმებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მუნიციპალურ არჩევნებში, საქართველოში დაიწყება ცვლილებები, ცვლილებები, რომელსაც გულის სიღრმეში თითოეული მოქალაქე გრძნობს რომ აუცილებელია

17 Sep 2021 21:35

„მუნიციპალური არჩევნები წელს არ იქნება მხოლოდ მუნიციპალური დონის, მას ექნება ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა და მე თითოეული თქვენგანს მინდა ვუთხრა, რომ სწორედ იმ ხმების რაოდენობით, იმ ხმებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მუნიციპალურ არჩევნებში - საქართველოში დაიწყება ცვლილებები, ცვლილებები, რომელსაც გულის სიღრმეში ყველა ადამიანი, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე გრძნობს, რომ - აუცილებელია“ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ რუსთავში განაცხადა.


პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დღეს რუსთავის მერობის კანდიდატი ბექა ლილუაშვილი და ქვემო ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები წარადგინა.

„ამ ცვლილებებში რა თქმა უნდა რუსთავს უნდა ჰქონდეს თავისი, ძალზედ მნიშვნელოვანი ადგილი, მოგეხსენებათ რუსთავი არის საქართველოს ინდუსტრიული ეკონომიკის ცენტრი და ჩვენ ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და ყველაფერი ვაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ცენტრი გაძლიერდეს. ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავითვიცნობიეროთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს, ამიტომ ერთად, რუსთაველებთან ერთად უნდა ვიზრუნოთ და ვიშრომოთ კონკრეტულ გეგმებზე, რომ რუსთავის ეკონომიკა იყოს წარმატებული" - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რუსთავში დღეს იმ გეგმებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც რუსთავისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„ჩვენს გუნდს აქვს უკვე შემუშავებული კონკრეტული გეგმა, მათ შორის რუსთავის ინდუსტრიულ-სამრეწველო ზონაში - თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განთავსება მაგალითად, რომელიც მისცემს დამატებით დინამიზმს, არა მხოლოდ რუსთავის, არამედ ქართული ეკონომიკის განვითარების. 


რუსთავის შემოსასვლელში მაგალითად „რუსთავი თაუერის“ პროექტი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი უნდა იყოს და გახდება მიზიდულობის ცენტრი,
საქმიანი აქტივობისთვის, არა მხოლოდ რუსთავში, არამედ საქართველოშიც და ცენტრალურ ქვეყანაში. ამასთან, ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქის ურბანული განვითარება განსაკუთრებით ინდუსტრიული ქალაქის ურბანული განვითარება, დაბალანსებული, გარემოსთან, მწვანე ეკონომიკასთან კავშირში. ამიტომ, რუსთავის ურბანული განვითარების ნაწილში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სატრანსპორტო კვანძის განვითარება თბილისსა და რუსთავს შორის. 


ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომელიც უკავშირებს თბილისის მეტროს ლილოს გავლით რუსთავს, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და  ამ პროექტს აქვს უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა. უნდა წარმოვიდგინოთ რამხელა ეკონომიკური აქტივობა გამოვა თბილისიდან რუსთავის მიმართულებით იმ დიდ ტერიტორიებზე, რომელიც ამ ორ ქალაქს შორის არის. რა თქმა უნდა, კრწანისის ტყე-პარკი. 


კრწანისის ტყე-პარკი მტკვრის ჭალებში, რომელიც არა მხოლოდ რუსთავის ან თბილისის საკუთრებაა, არამედ ეს არის ქვეყნის ასე ვთქვათ მწვანე, უაღრესად მნიშვნელოვანი ზონა, რომელიც ასევე უნდა განვითარდეს" - განაცხადა გიორგი გახარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი