გიორგი გახარია ნარკოტესტზე: „გამოვედი და ერთხელ ვთქვი, რომ ვიღაცამ დაამთავრა საუბარი - მე ახლა დავიწყე. ვაგრძელებ - საინტერესო სიახლეები იქნება. კულმინაცია ჯერ კიდევ წინ არის დაელოდეთ’’

18 Sep 2021 00:58

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ - გიორგი გახარიამ  მედიის შეკითხვებს ნარკოტესტის საზღვარგარეთ და არა სამხარაულის ბიუროში ჩაბარებაზეც უპასუხა.


„სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს თითოეულ თანამშრომელს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ამ ხალხთან ერთად ბევრი საქმე გაგვიკეთებია ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის. მაგრამ ერთმა კონკრეტულმა  პარტიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო კი არა სამინისტროები გაიგდო ფეხქვეშ კონკრეტული მიზნით - ეს მიზანი არის ძალაუფლების შენარჩუნება. ზუსტად ვიცი, როგორ მოხვდა ეს ინფორმაცია ჩვენთან - ჩვენ    დაზუსტებული ინფორმაცია მოგვაწოდეს,  რა სახის პროვოკაცია მზადდებოდა. იმის შემდგომ, რაც აკაკი ბართაიას ჩაუდეს, ამდენი ხალხი სამსახურიდან გაყარეს და ამბობენ რომ არაფერი არ ხდებაო, რა თქმა უნდა... ყველაფერმა ამან ბოლო 2 თვის განმავლობაში მიიღო სისტემური და ორგანიზებული ხარისხი.“- ამბობს გიორგი გახარია.

გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მომავალში არა ერთხელ მივა. ამჯერად ანალიზის საერთაშორისო ლაბორატორიაში გაკეთებით კი სამხარაულის ბიუროს თანამშრომლებიც დაიცვა პროვოკაციისგან.

„იმის მიუხედავად, რომ არასასიამოვნო ნაბიჯის გადადგმა მომიწია და მე ამას გამოვასწორებ, მე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები ფაქტობრივად დავიცავი ამ პროვოკაციისგან. და ახლა რაც შეეხება ამ სისულელეებს, რასაც ასე მიჩვეულები არიან - მე სიტყვებს ასე არ ვყრი, რასაც ვამბობ, იმას ვაკეთებ. მე გამოვედი, ერთხელ ვთქვი, რომ ვიღაცამ დაამთავრა საუბარი - მე ახლა დავიწყე და საინტერესო სიახლეები იქნება. მე ვაგრძელებ. კულმინაცია ჯერ კიდევ წინ არის. დაელოდეთ.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.


გიორგი გახარია ბიუროს თანამშრომლებს და სხვა საჯარო მოხელეებს ქვეყანაში ნეიტრალური საჯარო სამსახურის უზრუნველყოფას დაპირდა.

„ბიუროს და თითოეულ რიგით თანამშრომელს ვუდასტურებ ჩემს უდიდეს პატივისცემას და ჩვენი მოქალაქეების წინაშე ვპირდები მათ -  როდესაც ამ ქვეყანაში დაიწყება ცვლილებები , ამ ქვეყანაში იქნება საჯარო სამსახური, რომელიც  პოლიტიკურად  ნეიტრალური იქნება. ეს არის ჩემი მთავრი მიზანი და ამას ვპირდები მარტო ბიუროს კია რა - პოლიციელებს, რომლებსაც დღეს ღირსება აყარეს და არბენინებენ - იმის მაგივრად რომ საქმე გააკეთონ და კრიმინალს სდიონ და კრიმინალი მოაგვარონ - პოლიტიკური მოტივით დასდევენ  ხალხს. 


სუსის თანამშრომლებს, რომლებიც უცხოელი ჯაშუშების ნაცვლად ჩვენს პარტიულ აქტივს დასდევენ - მათ ვპირდები, რომ ასეთი რამ ქვეყანაში არ განმეორდება, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება რიგითი პროფესიონალის იძულება, რომელიც სამსახურში მივიდა რომ სახელმწიფოს ემსახუროს და დღეს კონკრეტული პოლიტიკური პარტია მას აიძულებს ასე იმოქმედოს, რაც ფასეულობებშიც არ ჯდება, კანონშიც არ ჯდება და კიდევ ბევრ რამეში არ ჯდება.“- ამბობს გახარია.




კომენტარები:

ფართი შოპი