ირაკლი კობახიძე საიას სარჩელზე - შემაშფოთებელია, რომ ის, რაც „ნაცმოძრაობამ“ 5 წლის წინ ღიად, თავისი სახელით განახორციელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება

19 Sep 2021 17:55

შემაშფოთებელია, რომ ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 5 წლის წინ ღიად, თავისი სახელით განახორციელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განცხადება, რითაც საია-ს სარჩელს გამოეხმაურა.


როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, არეულობის სცენარის ხელშემწყობი ამგვარი ქმედებები კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების უნდობლობას ენჯეოების მიმართ და მათ ნებისმიერ სიტყვას უკარგავს ფასს.


კობახიძის თქმით, მუნიციპალური საარჩევნო სისტემის ეჭვქვეშ დაყენება იმ საბაბით, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები ზედმიწევნით გათანაბრებული არ არის, სრული ნონსენსია.


„როგორც ცნობილია, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შეიტანა კონსტიტუციური სარჩელი იმ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც 2 კვირაში მუნიციპალური არჩევნები ტარდება.


ყველას გვახსოვს, რომ რევოლუციური სცენარის ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს ანალოგიური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი სახელით შეიტანა. მაშინ ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა, საკონსტიტუციო სასამართლომ“ნაციონალური მოძრაობის“ აბსურდული სარჩელი არ დააკმაყოფილა და რევოლუციური სცენარიც ჩაიშალა.


შემაშფოთებელია, რომ ის, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 5 წლის წინ ღიად, თავისი სახელით განახორციელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება. შემაშფოთებელია, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ახალი აბსურდული სარჩელით არჩევნებისთვის პრობლემის შექმნას გეგმავს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებს.


როდესაც სამი თვის წინ, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ კანონზე არც კანონის მიღების პროცესში და არც მისი მიღებიდან სამი თვის განმავლობაში არაფერს ამბობ და შემდეგ ამ კანონს ყველაზე აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე აპროტესტებ, ეს ფაქტი სარჩელის უკან მდგარ უაღრესად მანკიერ პოლიტიკურ მოტივზე ბუნებრივია, თავისთავად მეტყველებს.


სარჩელის აბსურდულობაზე დღეს დიდხანს არ ვისაუბრებ. მუნიციპალური საარჩევნო სისტემის ეჭვქვეშ დაყენება იმ საბაბით, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები ზედმიწევნით გათანაბრებული არ არის, სრული ნონსენსია. 


ამაში დასარწმუნებლად დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის ზედაპირული გაცნობაც კი იქნებოდა საკმარისი. თუმცა, როგორც ჩანს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ პრაქტიკით ვერ, ან რაც უფრო სავარაუდოა, არ დაინტერესდა.


ამგვარი მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ნაციონალურ მოძრაობას 2 ოქტომბრის არჩევნებში რაიმე წარმატების მიღწევის ყოველგვარი იმედი გადაწურული აქვს. ამ ფონზე, ისინი ერთადერთ გამოსავალს ხელოვნური პრობლემების შექმნასა და ვითარების არევაში ხედავენ. თუმცა, მათი ეს მცდელობებიც წარუმატებლობისთვის არის განწირული.


სამწუხაროა, რომ იმ ჯგუფების ამგვარი ქმედებები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებენ, ჩრდილს აყენებს არასამთავრობო ორგანიზაციის ინსტიტუტს, რომელიც მათივე კვლევებით, ქართულ საზოგადოებაში ისედაც ყველაზე დაბალი ნდობით სარგებლობს. არეულობის სცენარის ხელშემწყობი ამგვარი ქმედებები კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების უნდობლობას ენჯეოების მიმართ და მათ ნებისმიერ სიტყვას უკარგავს ფასს“, - აცხადებს კობახიძე.


ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სარჩელის შეტანა ჰქონდა დაგეგმილი არჩევნების შემდეგ. კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი საეჭვოა.


„გვქონდა ინფორმაცია, რომ თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა დაგეგმილი სარჩელის შეატანა უშუალოდ არჩევნების შემდეგ, ცალკე განსაზღვრული დამატებითი პროცედურა, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ ნორმაზე დაყრდნობით შეგიძლია მოითხოვო ჯერ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა და შემდეგ ამის საფუძველზე არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობა. ამ სარჩელის შეტანა შეუძლიათ, ან ომბუდსმენს, ან 30 დეპუტატს და მათ ჰქონდათ ასეთი გეგმა: ან ერთი, ან მეორე მიმართულებით შეტანილიყო სარჩელი უშუალოდ არჩევნების შემდეგ. ეს სარჩელი ემსახურება რაღაც ფონის შექმნას, რაზეც ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან ინფორმაცია გვქონდა. მინიმუმ ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოა“, - განაცხადა კობახიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი