გიორგი გახარია დიდ დიღომში ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე - ახლა, თქვენთან ერთად დავდგები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაგათ მონაცვლეობა გაუკეთონ, აქ მოვიდეს მუნიციპალიტეტი და გააკეთოს ნორმალური ღია სტადიონი ყველასთვის

19 Sep 2021 19:13

„ახლა, თქვენთან ერთად დავდგები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაგათ მონაცვლეობა გაუკეთონ, აქ მოვიდეს მუნიციპალიტეტი და გააკეთოს ნორმალური ღია სტადიონი ყველასთვის“ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ დიდ დიღომში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია მოსახლეობას საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატთან, მიხეილ ნაბიჯაშვილთან ერთად შეხვდა.

„აი, ამ ტერიტორიაზეა საუბარი, მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მე გადავეცი ფეხბურთის ფედერაციას, მოვაწერე ხელი მხოლოდ და მხოლოდ კეთილშობილური მიზნებით, იმიტომ, რომ ახალი დამატებითი სპორტული ინფრასტრუქტურა გაჩენილიყო. შეიძლება უნდა მოვსულიყავი, ადგილზე მენახა, მაგრამ თუ სახელმწიფო ინსტიტუტები ყველა ნორმალურად  მუშაობს, მაშინ ამ ხალხის აზრი ვიღაცას უნდა ეკითხა და ისე უნდა გამოეტანათ ეს მთავრობაზე. სხვანაირად ეს არ უნდა გაკეთებულიყო. 


ეს არის მეორე პრინციპული სხვაობა და ის, რაც მე დავინახე იმიტომ, რომ არ შეიძლება სახელმწიფო, მაგალითად თბილისის მერია რომ გამოყოფს რაღაც თანხას, პირობითად ვამბობ, 3 მილიონს თავის ბიუჯეტში დიდი დიღმისთვის. ეს საბურთალოს ბიუჯეტი იქნება, მაგრამ დიდ დიღომს ხომ ეკუთვნის?! არ შეიძლება, რომ მოქალაქეებმა არ განსაზღვრონ ის პრიორიტეტები - პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, რა ურჩევნიათ, რომ პირველ რიგში გააკეთონ. ჩვენ დიდი ხანი ვიქნებით კიდევ ღარიბი ქვეყანა და დიდი ხანი ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება პრიორიტეტებს როგორ დავალაგებთ და კაბინეტში მჯდარმა კაცმა, ისე როგორც მე არ ვიცოდი აქ რა უნდა გაკეთებულიყო. იყო სპორტული ინფრასტრუქტურა, ფედერაცია მეუბნებოდა, რომ აქ ავაშენებთ, გავაკეთებთ, იქნება ფეხბურთის ახალი დარბაზი და ეს რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


გიორგი გახარიას თქმით, მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს რა სჭირდება მის უბანს, მუნიციპალიტეტმა პროექტები მოქალაქეებთან შეთანხმებით უნდა განახორციელოს.


„არ შეიძლება ეს პრიორიტეტები ლაგდებოდეს კაბინეტებში იმიტომ, რომ ჩვენ არასოდეს, უახლოესი 10 წლის განმავლობაში, არ გვექნება სამყოფი ფული, რომ ერთდროულად გავაკეთოთ, ავაშენოთ პოლიკლინიკაც, საბავშვო ბაღიც, სკოლაც, გზებიც გავიყვანოთ, სპორტული დარბაზებიც გავაკეთოთ და გზებიც და ტრანსპორტიც წესრიგში მოვიყვანოთ და პრიორიტეტი რა არის, ეს გადასაწყვეტია თქვენი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაკონტროლოთ მერე საკრებულოთი ეს პრიორიტეტები როგორ ხორციელდება და ფულს რაზე ვხარჯავთ ხომ? მარტივია, აი ძალიან მარტივია. არაფერი რთული ამაში არ არის. ხანდახან გვეზარება, ხანდახან გვერიდება, ხანდახან გვგონია, რომ იქ ვიღაც მაგარი ტიპები სხედან და მერწმუნეთ, რომ არაფრით არ განსხვავდებიან ჩვენგან, არაფრით!  ამიტომ, ახალგაზრდებს განსაკუთრებით, ამის მოტივაცია უნდა გავუჩინოთ. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ ვიმუშავებთ. გარდა ამისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება კორუფციასთან ბრძოლა, აი, მე მაგალითად ახლა გეტყვით, რომ გუშინ მქონდა შეხვედრა არქიტექტორებთან... 

ნუ, წარმოუდგენელ რაღაცეებს ჰყვება ეს ხალხი, აი წარმოუდგენელ. ელემენტარულად, მარტივი რაღაცეები ხდება, მაგალითად, მიღებაზე შეიძლება ვერ ჩაეწერო თვეობით, პასუხი ვერ მიიღო კიდევ უფრო თვეობით და კიდევ ბევრი რამ. რა თქმა უნდა, სწორი შენიშვნაა და მე ხომ არ შემშინებია და არ მომრიდებია აქ მოსვლა. ჩემი ხელმოწერით არის ეს გადაცემული და ახლა თქვენთან ერთად დავდგები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, აი ამ კაცთან ერთად, რომ მაგათ მონაცვლეობა გაუკეთონ და ამის მაგივრად წავიდნენ, სხვაგან ააშენონ კომერციული დარბაზი რაც გახდება და აქ მოვიდეს მუნიციპალიტეტი და გააკეთოს ნორმალური ღია სტადიონი ყველასთვის, პრობლემა არ არის. აი, ეს პირველი დავალება მიშას ნაბიჯაშვილს ექნება ახლა ეს, პარკი და მეორე, რაც იქნება, უკვე დღეს, დეპუტატები, რომლებიც ჩვენ გვყავს პარლამენტში, აი იმათ გავაკეთებინებთ პარლამენტში განცხადებებს, რომ ასეთი რაღაცეები არ უნდა კეთდებოდეს და ამხელა ინფრასტრუქტურას რომ აშენებ, წადი და გვერდზე სახლებში, კორპუსებში მაინც იკითხე ადამიანების აზრი. ეს უნდა იყოს კარგი მაგალითი შემდგომში რას ნიშნავს სამოქალაქო ინიციატივა და როგორ შეგვიძლია ხელისუფლებას გავაკეთებინოთ ის, რაც სწორია და შევაცველვინოთ ის რაც არასწორია“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი