შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და ცესკოს სწავლების ცენტრის თანამშრომლობით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებისთვის ჩატარდა ონლაინტრენინგი - „არჩევნები და უსაფრთხოება“.
ონლაინკურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ელექტრონული სწავლების პლატფორმის მეშვეობით, 2 დღე გრძელდებოდა და მასში სამინისტროს 879 თანამშრომელი მონაწილეობდა.
ტრენინგს, რომლის მიზანი იყო საარჩევნო თემატიკაზე სამართალდამცველების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
სწავლების მონაწილეები, წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რისკების იდენტიფიცირების, პრევენციული ღონისძიებებისა და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციებს გაეცნენ.
ტრენინგში მონაწილე პოლიციელები ასევე გაეცნენ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას და აღნიშნულ ბრძანებაზე თანდართულ ინსტრუქციებს, რომელთა თანახმადაც, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები. ამასთანავე, განსაზღვრულია პოლიციელის მიერ პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპის მკაცრად დაცვის ვალდებულება.