6 თვეში საქართველოს ხელისუფლებამ რესტორნებში ოთხი მილიონი ლარი დახარჯა (ვიდეო)

15 Jul 2018 05:25

2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლებამ რესტორნებში ოთხი მილიონი ლარი დახარჯა. დოკუმენტაცია არასამთავრობო ორგანიზაცია შეაჩერე კორუფციამ შეისწავლა და ბევრი საეჭვო გარემოება აღმოაჩინა.

10 კაცის ვახშამი იუსტიციის სამინისტროს 888 ლარი დაუჯდა. ასეთი ან უფრო ძვირადღირებული სუფრა სახელმწიფო უწყებების დაკვეთით ქვეყნის რესტორნებში წელს 2657 ჯერ გაიშალა.

ბოლო 6 თვეში ჭამა-სმაში ბიუჯეტიდან ხელისუფლებამ 4 მილიონი ლარი დახარჯა. ვინ აქეიფეს და რა მიზნით, ამას სახელწმიფო უწყებები მალავენ.

სამინისტროების გარდა, გამგეობებსაც დიდი დანახარჯი აქვთ. მაგალითად, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა რესტორანში 4867 ლარი გადაიხადა. ვახშამზე მუსიკოსებიც მიიწვიეს - 200 ლარად.

რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში ფულის ხარჯვის რეკორდსმენი საგარეო საქმეთა სამინისტროა. საქართველოს საელჩოებმა უცხოეთში 6 თვეში 600 ხელშეკრულება გააფორმებს და მილიონამდე ლარი დახარჯეს.

რა საჭირო იყო ამდენი სუფრის გაშლა უცხოეთში, ამ თემაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ზალკალიანს, საუბარი არ უნდა.

ხელშეკრულებს ძირითადად მმართველი პარტიის წევრების ოჯახებთან დაკავშირებულ კომპანიებს უფორმებენ. თბილისში პრივილეგიით ქართულიოცნების წევრის, ბენო ქაშაკაშვილის, შპს აიღვინისსახლი სარგებლობს. ხელისუფლება ფავორიტები ჰყავს რეგიონებშიც.

არასამთავრობო ორგანიზაცია შეაჩერე კორუფციაში აცხადებენ, რომ ამ გარიგებებში კორუფციისა და პროტექციონიზმის ნიშნები იკვეთება.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ მთავრობის შემცირებით ეს ხარჯებიც შემცირდება.

ოპონენტები ხელისუფლებას ქამრების შემოჭრის შესახებ არაერთხელ გაკეთებულ განცხადებებს ახსენებენ და ამ ფონზე სარესტორნე ხარჯების კოლოსალურ ზრდას მთავრობის მხრიდან "არამიზნობრივ ხარჯვას" უწოდებენ.

2018 წელს რესტორნებში დახარჯული 4 მილიონიდან ყველაზე ხარჯიანი ბიუჯეტისთვის ივნისი იყო. ბოლო ერთ თვეში რესტორნებსა და სასტუმროებში ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯა.




კომენტარები:

ფართი შოპი