სანამ ქვეყანა და ქალაქი ჩართულია პოლიტიკურ დაპირისპირებაში, ქალაქი კარგავს დიღმის ტყე-პარკს - ანა ბიბილაშვილი

20 Sep 2021 17:47

„ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი, იმ სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრობს, რომელიც ქალაქში ჰაერის დაბინძურებამ და არაჯანსაღმა ეკოლოგიურმა მდგომარეობამ გამოიწვია.

ბიბილაშვილის თქმით, მწვანე სარეკრეაციო სივრცეები ისე უნდა განვითარდეს, რომ ეკოლოგიასთან ერთად ქვეყანას ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს.

„ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, იმასაც უსვამს ხაზს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცეები კერძო საკუთრებაში გადადის. ამის ნათელი მაგალითია დიღმის ტყეპარკი. აუცილებელია მსგავს ადგილებზე მერიას ჰქონდეს ხედვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქი დაკარგავს სარეკრეაციო ზონას, ისე როგორც დაკარგა არაერთი მნიშვნელოვანი სივრცე. „ლელოს“ აქვს სტატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს საფრთხის ქვეშ მყოფი სარეკრეაციო ადგილები.

„დიღმის ტყე-პარკის გარკვეული ნაწილი მოხვედრილია კერძო საკუთრებაში, რომელიც მერიამ გაასხვისა და ქალაქს დაუკარგა კიდევ ერთი მწვანე სივრცის ქონის შანსი. 


ამ კონკრეტულ კერძო საკუთრებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, რაც აუცილებლად ასე უნდა იყოს. თუმცა,  როდესაც ქალაქისა და კერძო საკუთრების  ინტერესები იკვეთება, მერიას უნდა ჰქონდეს თავის პოზიცია. 


იმის გამო, რომ ასეთი ხედვა არ არსებობდა 12 000 კვადრატული მეტრის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვა გაიცა. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე არსებობს ოთხ სართულიანი სავაჭრო კომპლექსის ნებართვა, ხოლო ის სივრცეები, რომელიც დიღმის ტყე-პარკში გვხვდება სამშენებლოდ მზადდება. 


ამ შემთხვევაში ქალაქი დაკარგავს  დიღმის ტყე-პარკს და სარეკრეაციო სივრცე აღარ იარსებებს,"-აღნიშნა ბიბილაშვილმა და "ლელოს" ხედვაზე ისაუბრა.

"ჩვენ გვაქვს ხედვა, თუ როგორ ვითარდება ასეთი სივრცეები. ეს არის მსოფლიოში აღიარებული და წარმატებით გამოყენებული მეთოდი, როდესაც ტერიტორიას, კერძო და საჯარო საკუთრებას,  სარეკრეაციო ფუნქცია უნარჩუნდება. 


ასეთ შემთხვევაში, საჯარო საკუთრება არის ყველასთვის ხელმისაწვდომი და კერძო საკუთრება ხდება კომერციულად მომგებიანი, რაც ქალაქისთვისაც შემოსავლიანი ხდება. ამ მხრივ არც ქალაქი და არც კერძო მესაკუთრე არაფერს არ კარგავს. 


ჩვენ გვაქვს სწორედ ეს ხედვა და მსოფლიო მასშტაბის მაგალითები,“-აცხადებს ანა ბიბილაშვილი.

ბიბილაშვილი განმარტავს, რომ ქვეყანა ჩაფლულია პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ზიანდება ადამიანი დ მისი მოთხოვნები. 


ბიბილაშვილის განცხადებით, მწვანე სარეკრეაციო სივრცეების სწრაფი განადგურების ფონზე, ქალაქში იზრდება სხვადასხვა დაავადებების რიცხვი. 


მისივე თქმით, ყველა სტატისტიკური მონაცემი დასტურია იმისა, თუ რამდენად სჭირდება ქალაქს სარეკრეაციო სივრცეების  შენარჩუნება.  

„სანამ ქვეყანა და ქალაქი ჩართულია პოლიტიკურ ურთიერთ დაპირისპირებაში, ქალაქი და ადამიანები, ვინც აქ ცხოვრობენ კარგავენ ძალიან მნიშვნელოვან სივრცეებს, კარგავენ სარეკრეაციო არეალს  და ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს ყველაფერი კი მძიმე გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ყველა სტატისტიკური მონაცემი დასტურია იმისა, თუ რამდენად სჭირდება ქალაქს სარეკრეაციო სივრცეების  შენარჩუნება.  დღეს სარეკრეაციო ზონა, ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ. მეტრზე ოდნავ მეტია, რაც 3-ჯერ ჩამოუვარდება მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციას. 


ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი გეომეტრიული სისწრაფით იზრდება, ბოლო ოთხ წელიწადში ეს მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა. 


აღარ ვსაუბრობ სიმსივნით დაავადებულთა მაჩვენებელზე, რომელიც ყოველდღიურად იზრდება,“-აღნიშნა ბიბილაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი