მეგის ქარდავა - არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ

20 Sep 2021 19:05

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას განცხადებით, ხელოვნურად აგორებული კამპანიისა და ვნებათაღელვის ჩასაცხრობად არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ აპირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ის განცხადებას რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან აქვეყნებს.


როგორც ქარდავა განმარტავს, მხოლოდ გავლენებისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში გასცემს ყველა ბრალდებას პასუხს.


„წინასაარჩევნოდ საქართველოში რუსული იდეოლოგიური დივერსიის საწარმოებლად განხორციელდა ჩემი ექსტრადირება და როგორც ჩემს წინა განცხადებაში აღვნიშნე, ყოველივეს საფუძვლად ედო უკრაინის პრეზიდენტის და პუტინის ოლიგარქის გარიგება: პოლიტიკური პატიმრობიდან ჩვენი ძმების, უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების სანაცვლოდ ჩემი ექსტრადირება არაფორმალური გაცვლის სახით.


ამის ფონზე, ლამის „ეროვნული შეთანხმება“ შედგა პუტინის ოლიგარქის და ფსევდო-ოპოზიციის ბანაკიდან ჩემი დისკრედიტირებისათვის სინქრონულად გაკეთებული განცხადებების სახით და ყურადღება გადაიტანეს მიმდინარე კატასტროფული მოვლენებიდან ( ექსტრადირების პიარ-კამპანიის ერთ-ერთი მიზანიც ეს იყო ), რუსული ჰიბრიდული ომით ქართველების ჩუმი გენოციდისგან, გარუსების პოლიტიკისგან, სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლისგან, ა.შ. 


ნაცვლად იმისა, რომ მთელი ოპოზიცია ინარჩუნებდეს ერთიანობას და მთელს რესურსებს ახმარდეს პუტინის ოლიგარქისგან საქართველოს დეოკუპაციას, რომლის პირობებშიც თავადვე იდევნებიან პოლიტიკურად პუტინის ოლიგარქისვე მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ, რაზედაც ერთხმად, გამუდმებით, თავგანწირვით ჩივიან ტელე-ეკრანებიდან, რომ საქართველოში მართლმსაჯულება გაუქმებულია, რაც ასეა, მაგრამ არწმუნებენ მოსახლეობას თითქოსდა ჩემთან და ჩემს თანამებროლებთან მიმართებაში აღმოჩნდა პუტინის ოლიგარქის სასამართლო დამოუკიდებელი, ოლიგარქის „პრ-ა-კურატურა“ - პროკურატურა, ხოლო გეგმაზომიერად წარმოებული რუსული პროპაგანდა კი ჭეშმარიტება. ამ უსინდისო ორმაგი სტანდარტის მიზეზი და მიზანი მარტივია, საქართველოს მართავს მოღალატეებისგან, კორუმპირებული პოლიტიკური პროსტიტუტებისგან შემდგარი პოლიტიკური კლასი, რომელიც სხეულით გრძნობს და ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან. 


ეს პოლიტიკური კლასი გუშინ იგივე პათოსით, რუსული პუტჩით ამხობდა ზვიად გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას, მონაწილეობა მიიღეს 2012-ის რუსული ჰიბრიდული კონტრ-რევოლუციით პუტინის ოლიგარქის ხელდასმაში და დღეს მოსახლეობის „მოკლე მეხსიერებით“ მანიპულირებენ და ჭკვიანური სახით გვიხსნიან რა ბოროტებაა თურმე, პუტინის ოლიგარქის რუსული საოკუპაციო რეჟიმი და ამავდროულად რუსული იდეოლოგიური დივერსიის წარმოებით ერთ სიბრტყეზე აყენებენ ვარდების რევოლუციის რეფორმებს და რეფორმატორებს", - წერს მეგის ქარდავა.


ამასთან, მეგის ქარდავა მასთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა და მას კორუმპირებული უწოდა.


"აქვე მინდა გამოვეხმაურო კორუმპირებული გიგი უგულავას, საბჭოთა ადამიან მამუკა ხაზარაძეს და მათი კოლეგების ჩემთან მიმართებაში გაკეთებულ მორალურად გახრწნილ და ცილისმწამებლურ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს. პოლიტიკური დევნის პროცესში თქვენთვის წაყენებულ ბრალდებებს მოტივად გასდევს კორუფცია, ანგარება. ჩემს წინააღმდეგ ასევე პოლიტიკური დევნის პროცესში წაყენებული ბრალდებების მოტივი კი იყო და მუდამ იქნება „საქართველოს სახელმწიფო ინტერესები“.


უბრალოდ სამარცხვინოა და ისტორიული ღალატია ჩემთვის და ჩემი თანამებრძოლების წინააღმდეგ წაყენებული პოლიტიკურად მოტივირებული ის ბრალდებები, რომლებიც რუსეთს წმენდს ნამუსს და რომლებიც თუნდაც, თუ დავუშვებთ და ცრუ ბრალდებების პარალელურად შეიცავდეს სიმართლეს, ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ისრაელის სპეცსამსახურების ჩვეული რუტინაა და ამიტომაც აქვს ისრაელს სახელწიფო, ამიტომაც არიან ებრაელები სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტი და ერთმანეთის გამტანი ხალხი, ამიტომაც ინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას გულით დიდი „პატარა“ ისრაელი მტრული ქვეყნების ალყაში, უბრალოდ არ არსებობს ისრაელის მტრების სასარგებლოდ ებრაელების გადადგმული მოღალატობრივი ნაბიჯები, არ ღალატობენ საკუთარ ჯარისკაცებს, „მოსადის“ ოფიცრებს და უბრალოდ არ ჰყავთ ქვეყნის სათავეში საოკუპაციო რეჟიმი, რასაც არც არასოდეს დაუშვებენ.


ხელოვნურად აგორებული კამპანიის/ვნებათაღელვის ჩასაცხრობად ხაზს ვუსვამ, არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ. ამ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ პოლიტიკურ პროსტიტუტებსა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრებს. 


პუტინის ოლიგარქისგან საქართველოს დეოკუპაციის შემდგომ ზემოთხსენებული პოლიტიკური კლასის გავლენებისგან თავისუფალ, დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ყველა ბრალდებას გავცემ პასუხს და უკანონო განაჩენების გამომტანი მოსამართლეებისა და ცრუ მოწმეების პირით მოვასმენინებ ჩემს ოჯახსა და საზოგადოებას, თუ ვისი დავალებით სჩადიოდენ ყოველივე იმ ისტორიულ რუსულ ბოროტებას, რომელიც არამხოლოდ ჩემთან მიმართებაში განახორციელეს, არამედ ჩვენი ოჯახების, ჩვენი შვილების, ჩვენი თანამემამულეებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე“, - წერს ქარდავა.


ცნობისთვის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს მოხდა. მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, 6 საქმეზე კი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.


მეგის ქარდავას მიმართ რამდენიმე საქმეზე, მათ შორის ნავთლუღის სპეცოპერაციის, „ციხის ბუნტის“, სერგო თეთრაძის, ე.წ. კასრების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი.




კომენტარები:

ფართი შოპი