ირაკლი კობახიძე - ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს - ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი საიას სარჩელის უკან

20 Sep 2021 21:03

როდესაც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეგაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს - ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი ამ სარჩელის უკან, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც საია-ს სარჩელს გამოეხმაურა.


როგორც კობახიძემ აღნიშნა, საიას სარჩელის შეტანა შეეძლო როგორც არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ასევე არჩევნების შემდეგაც.


„ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს. როდესაც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეგაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს. მათ ასეთი სარჩელის შეტანა შეეძლოთ სამი თვის წინ ან სამი თვის შემდეგ. ზუსტად იმ მომენტში შეიტანეს სარჩელი, როდესაც ყველაზე ცხელი დრო იყო საარჩევნო აგიტაციის კუთხით. არავითარი დაბრკოლება მათ არ ჰქონდათ, შეეძლოთ სამი თვის დაგვიანებით შეეტანათ, თუ ისინი ზრუნავდნენ მომდევნო 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. 


ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი ამ სარჩელის უკან, რაზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება“ , - განაცხადა კობახიძემ.


საია-მ ვახუშტი მენაბდის, ვასილ ჟიჟიაშვილის, გვანცა საკანელაშვილისა და ნონა ქურდოვანიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელით საია ითხოვს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას.



წარდგენილი სარჩელით, საია ასაბუთებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები არღვევს ხმის თანაბარი წონის პრინციპს, რის გამოც გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს საარჩევნო და თანასწორობის უფლებებთან მიმართებით.




კომენტარები:

ფართი შოპი