თეა ახვლედიანი შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა განყოფილების ხელმძღვანელსა და საქართველოში შვეიცარიის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

20 Sep 2021 21:20

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა გამართა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა განყოფილების ხელმძღვანელ, სიმონ გაისბიულერსა და საქართველოში შვეიცარიის საქმეთა დროებით რწმუნებულ კრისტიან შონენბერგერთან, - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა შვეიცარიელ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.


თეა ახვლედიანმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგორის რაიონში ე.წ. 


გადასასვლელების ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, ასევე გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სათანადო რეაგირებისა და მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.


სახელმწიფო მინისტრმა შვეიცარიის დელეგაციას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგებისა და სამომავლო ხედვების თაობაზე, რაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრობლობასა და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.


თავის მხრივ, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში სახელმწიფო მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.


მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.




კომენტარები:

ფართი შოპი