გოგა ხაინდრავა ბანერებზე: ჩემთვის მძიმე წარმოსადგენია გახარია სააკაშვილის გვერდით

20 Sep 2021 22:09

„დიდ ქალაქებში გაკრული ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები მის გემოვნებაში არ ჯდება და არც ის მაინტერესებს, ვისი გაკეთებულია“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.


„გემოვნების საკითხია. მე პოლიტიკაში არ ვმონაწილეობ და ჩემი ვიზუალური გემოვნება ჩემი პროფესიიდან გამომდინარე სულ სხვა სფეროში და სამყაროს სულ სხვა ნაწილშია, ამიტომ ეს გემოვნების საკითხია. 


ვისი გაკეთებულია, არც ეს მაინტერესებს, რადგან საერთოდ არ ვუყურებ ასეთ რამეებს, თუმცა, ის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სისხლიანი რეჟიმი იყო, ამაში არც ერთი წუთით, ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა ხაინდრავამ.


ჟურნალისტის კითხვაზე, მისაღებია თუ არა მისთვის ბანერზე მიხეილ სააკაშვილის გვერდით გიორგი გახარიას დანახვა, ხაინდრავა პასუხობს, რომ მისთვის მძიმე წარმოსადგენია, რომ ყოფილი პრემიერი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით იბრძვის. თუმცა, პოლიტიკური სტრატეგიები რეალურ ცხოვრებაში ბევრად მეტს ნიშნავს და ტრაგიკომედიას უტოლდება.


„ჩემთვის ძალიან მძიმე წარმოსადგენია გახარია სააკაშვილის გვერდით და ნამდვილად არ მინდა, რომ ამაში ვიყო დარწმუნებული და ჯერჯერობით, ამის საბაბს არაფერი არ მაძლევს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ბოლო ნაბიჯებს, რომელიც გახარიამ გადადგა, იმ აბსურდის პოლიტიკას ვუბრუნდებით, მაგრამ თუ აბსურდის თეატრი სცენაზე საინტერესოა და მაყურებლისთვის - პოლიტიკაში, რეალურ ცხოვრებაში ის ტრაგიკომედიის სახეს იღებს. მაგალითად კომედიაა, როდესაც უმაღლესი ხელისუფლების მატარებელი არცერთი არ თანხმდება ნარკოტესტის ჩატარებას ქვეყანაში, სადაც ნარკოდამოკიდებულება საზოგადოებაში ძალიან მაღალი ხარისხისაა და ეს ძალიან დიდი პრობლემაა“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.


ბანერები წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ ქუჩებში 17 სექტემბერს გამოჩნდა. მათი ავტორი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა, რომელიც საჯაროდ ამბობს, რომ ამ ფოტოებზე მან საკუთარი პოლიტიკური გემოვნება ასახა.


ბანერების შესახებ, პოლიტიკურ სპექტრში, ხმაურიანი განცხადებები კეთდება. ოპოზიცია ამ ბანერების უკან „ქართული ოცნების“ კვალს ხედავს, მმართველი გუნდი კი ბრალდებებს უარყოფს და ოპონენტებს ურჩევს, „ქართული ოცნების“ განცხადებებსა და სოციალურ გვერდებს გაეცნონ, სადაც, მათივე ინფორმაციით, სიძულვილის ენა არსად იკვეთება.

ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერების კანონიერებას ცესკო შეისწავლის.




კომენტარები:

ფართი შოპი