მეგის ქარდავამ ციხიდან განცხადება გაავრცელა

20 Sep 2021 22:26

პატიმრობაში მყოფი მეგის ქარდავა განცხადებას ავრცელებს, რომელიც მის Facebook-ზე გამოქვეყნდა.


განცხადებაში ქარდავა წერს, თუ რატომ გადმოსცა უკრაინულმა მხარემ საქართველოს. ასევე გაკეთებული შეფასებების გამო ყოფილ თანაგუნდელებსაც აკრიტიკებს.


„წინასაარჩევნოდ საქართველოში რუსული იდეოლოგიური დივერსიის საწარმოებლად განხორციელდა ჩემი ექსტრადირება და როგორც ჩემს წინა განცხადებაში აღვნიშნე, ყოველივეს საფუძვლად ედო უკრაინის პრეზიდენტის და პუტინის ოლიგარქის გარიგება“, - წერს ქარდავა სოციალურ ქსელში.


სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიგი უგულავას „კორუმპირებულს“, მამუკა ხაზარაძეს კი „საბჭოთა ადამიანს“ უწოდებს.


„მინდა გამოვეხმაურო კორუმპირებული გიგი უგულავას, საბჭოთა ადამიან მამუკა ხაზარაძეს და მათი კოლეგების ჩემთან მიმართებაში გაკეთებულ მორალურად გახრწნილ და ცილისმწამებლურ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს. პოლიტიკური დევნის პროცესში თქვენთვის წაყენებულ ბრალდებებს მოტივად გასდევს კორუფცია, ანგარება. ჩემს წინააღმდეგ ასევე პოლიტიკური დევნის პროცესში წაყენებული ბრალდებების მოტივი კი იყო და მუდამ იქნება „საქართველოს სახელმწიფო ინტერესები“, - აცხადებს მეგის ქარდავა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, 18 სქტემბერს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.




კომენტარები:

ფართი შოპი