პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ექიმებს შეხვდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში გასატარებელი რეფორმების შესახებ საკუთარი გუნდის ხედვები გააცნო.
„ჩვენი მთავარი რეფორმები იქნება: პირველი - ანტიკორუფციული - ქვეყანას სჭირდება ანტიკორუფციული სტრატეგია. მეორე იქნება ადამიანური რესურსების მართვა - აქ ძალიან მძიმედ არის დღეს საქმე, ნეპოტიზმი უკვე სისტემური პრობლემა ხდება. მესამე იქნება დეოკუპაცია, მეოთხე იქნება ქვეყნის ინსტიტუციონალური გაძლიერება.“ - მიმართა გახარიამ ექიმებს და ხაზი გაუსვა, რომ ამ საბაზისო რეფორმების გატარება აუცილებელი წინაპირობაა შემდეგ საფუძვლიანი რეფორმების გასატარებლად ორ მთავარ სფეროში - ჯანდაცვასა და განათლებაში.
„ჩვენ ამ რეფორმებს ვუყურებთ როგორც ინფრასტრუქტურულ მომზადებას იმისთვის, რომ ნორმალური სტრუქტურული რეფორმების გატარება შევძლოთ და სტრუქტურული რეფორმების ნაწილში პირველს, რასაც ვხედავთ - ეს არის განათლება და ჯანდაცვა. ჯანდაცვის სისტემასთან კოვიდის გამო ცოტა უფრო მეტი შეხება მქონდა, ვიდრე ნორმალური ცხოვრების დროს ეკონომიკის მინისტრს ან პრემიერ-მინისტრს შეიძლება ჰქონოდა.
ამიტომ, თქვენთან შედარებით ზედაპირულად, მაგრამ ასე თუ ისე, წარმოდგენა მაქვს აქ რა ხდება. ჯანდაცვის სისტემა დღეის მდგომარეობით სრულ რეფორმირებას საჭიროებს, როგორც ინსტიტუციონალური მოწყობის თვალსაზრისით, ასევე სტრუქტურულადაც - სრულად სტანდარტიზაციის ნაწილშიც. ჩვენ თუ გვგონია, რომ 9 წლის განმავლობაში ჯანდაცვის ნაწილში რაღაცა გავაკეთეთ - უფრო სოციალურ უზრუნველყოფაში გავაკეთეთ და იქაც ისე, ცოტა... რომ მერე ბევრი დრო გავიდა“ - ამბობს გახარია.
„ჯანდაცვა რომ საყოველთაო გახდა რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს შემდგომ რეფორმებს. ჩვენ გაკეთებული გვაქვს პლატფორმები ჯანდაცვის სისტემის რეფორმაზე, რომ მონახაზები კი არა, უკვე კონკრეტული წარმოდგენა გვქონდეს.“- ამბობს გახარია.
„ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრობლემები დღეს არის სტანდარტიზაცია და საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი ხარჯვა და კონტროლი.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მედიკოსებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ პარტია ჯანდაცვის და განათლების სრულფასოვან რეფორმირებას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის მომავლისთვის. „ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ორ განზომილებას- განათლებას და ჯანდაცვის რეფორმას.“ - ამბობს გახარია.