„ლელო“ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიან დამკვირვებლებს შეხვდნენ

21 Sep 2021 17:03

“ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიან დამკვირვებლებს შეხვდნენ.  


როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, შეხვედრისას განიხილეს, პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში და წინასაარჩევნო კამპანია. 


„დღეს შევხვდით ეუთო/ოდირის მისიის გრძელვადიან დამკვირვებლებს, ვესაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე და იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ეს არჩევნები. ვისაუბრეთ გამოწვევებზე რომელიც ჩვენ გვაქვს წინასაარჩევნო პერიოდში. განსაკუთრებით, პოლარიზებულ გარემოზე, იმ სიძულვილის ენაზე რომელიც ყოველდღიურად გვესმის. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ესაუბრება „ქართული ოცნება“ მოსახლეობას სისხლიანი ბანერებით. განვიხილეთ რამდენად ანგრევს ეს წინასაარჩევნო პროცესს და ხელს უშლის კონკურენტული გარემოს წარმოქმნას. ეს პოლარიზებული გარემო ემსახურება მხოლოდ ნიჰილიზმისა და უიმედობის გაღვივებას. 


ამ გარემოს გამოისობით, დღეს ადამიანები საკმარისად არ ისმენენ ხედვას მომავალზე, განვითარებაზე, ადამიანის პერსპექტივაზე ამ ქალაქში. „ლელოს“ აქვს პასუხები თითოეული ადამიანის გამოწვევაზე, რომელსაც აუცილებლად ვუპასუხებთ ადეკვატურად,“ - განაცხადა ბიბილაშვილმა. 


მისივე თქმით, წინასაარჩევნო გარემოს ხელს უშლის ის ფაქტიც, რომ ჯერ კიდევ არ შემდგარა დებატები მერობის კანდიდატებს შორის.



კომენტარები:

ფართი შოპი