საქართველოში სასწავლო პროცესი თუ ყველა სკოლაში არა, მათ ნაწილში მაინც, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდება.მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კი მოსწავლეები უკვე ჩვეულ სასკოლო გარემოში არიან. ზოგიერთ სკოლაში კორონავირუსის ინფექცია გავრცელდა (იგულისხმება აშშ-ის სკოლები), რის შემდეგაც, სამედიცინო წრეებში დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, რომ პირბადის ტარება მოსწავლეებისთვის ყველა სკოლაში სავალდებულო გახდეს.
პარალელურად კი, სოციალურ ქსელებში ცირკულირებს მოსაზრება, რომ პირბადის ტარება მოზარდების ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. როგორც Associated Press-ი წერს, აღნიშნული მოსაზრების უსაფუძვლო არგუმენტებს შორისაა ასეთი არგუმენტებიც - პირბადე იზიდავს მიკრობებს, ნახშირორჟანგი ორგანიზმში აღწევს არაჯანსაღ დონეს.
გამოცემა სპეციალისტებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ თუ მოზარდი პირბადეს ხშირად და დროულად შეცვლის, მის ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ დაემუქრება და ეს წესი გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც.
შესაძლოა თუ არა, რომ კორონავირუსისგან თავის დასაცავად პირბადის ტარება ბავშვის ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს? - AP წერს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არის - არა, ვინაიდან აღნიშნულის დამამტკიცებელი არავითარი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს.
- რაც შეეხება შესაძლო კავშირს, პირბადის ტარებასა და ბავშვის ფსიქოსოციალურ განვითარებას შორის, ეს არის ინდივიდუალური საკითხი და უმჯობესია, თუ პედაგოგთან და ექიმთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდება ატარებს თუ არა მოზარდი პირბადეს (შენიშვნა: ეს ეხება მხოლოდ 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს).
AP-ის ცნობით, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ სკოლებში პირბადის ტარებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს მოზარდებში კორონავირუსის გადადება და გავრცელება.
"არიზონას შტატის იმ სკოლებში, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო არ არის ორჯერ უფრო მეტია ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი სხვა სკოლებთან შედარებით“, - ამბობს AP-სთან საუბრისას ექიმი რებეკა სიუნშაინი. ამასთან, ამერიკის ზოგიერთ შტატში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ პირბადის ტარებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეამციროს კორონავირუსის გადადება, მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ პირბადის ტარებასთან ერთად დაცულია შემდეგი წესები - ფიზიკური დისტანცია და ჰიგიენა.
- ინფექციონისტ, ექიმ ჯოშუა შაფზინის თქმით, უკვე არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ პირბადე უსაფრთხო სკოლის მთავარი კომპონენტია.
ვნახოთ, რა წერია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ბავშვებში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, მის უსაფრთხოებაზე და ტარების წესებზე:
ჯანმოს-ს ცნობით, 5 წლისა და 5 წლამდე ასაკის ბავშვებს არ უნდა მოეთხოვებოდეთ პირბადის ტარება. აღნიშნული ემყარება ბავშვის უსაფრთხოებასა და საერთო ინტერესს და იმას, რომ ამ ასაკის ბავშვს არ შეუძლია დამოუკიდებლად გამოიყენოს ის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და "იუნისეფი" გვირჩევენ, რომ 6-დან 11 წლამდე ბავშვებში გადაწყვეტილება პირბადის გამოყენების შესახებ ეფუძნებოდეს შემდეგ ფაქტორებს:
- არის თუ არა ფართოდ გავრცელებული კორონავირუსი იმ არეალში, სადაც ბავშვი ცხოვრობს.
- აქვს თუ არა ბავშვს უნარი სათანადოდ და უსაფრთხოდ გამოიყენოს პირბადე.
- რამდენად აქვს მოზარდს პირბადის ხშირად შეცვლის შესაძლებლობა გარკვეულ პირობებში (მაგ: სკოლებში, ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებში).
- არის თუ არა ზრდასრულთა შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ - რაც გულისხმობს, რომ ასწავლონ მოზარდს როდის გაიკეთოს პირბადე, როგორ გაიკეთოს, რამდენ ხანში შეცვალოს.
- ჯანმო ასევე გვირჩევს სამედიცინო დაწესებულებებთან შესაბამის კონსულტაციას, რათა დადგინდეს პოტენციური შესაძლო კავშირი და გავლენა პირბადესა და ბავშვის ფსიქოსოციალურ განვითარებაზე, რადგანაც ეს შეიძლება იყო ინდივიდუალური საკითხი.
- ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა - აქვს თუ არა ბავშვს რაიმე ქრონიკული დაავადება.
ჯანმო და "იუნისეფი" გვირჩევენ, რომ 12 წლისა და 12 წლის ზემოთ მოზარდებმა უნდა ატარონ პირბადე ისევე, როგორც ატარებენ ზრდასრულები.
წყარო: " ამბები.ge "