გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის თაობაზე თემატურ მოკვლევას იწყებს

23 Sep 2021 15:58

პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციიდან გამომდინარე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ   თემატურ მოკვლევას იწყებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

 

მოკვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს გამოავლინოს ის პრაქტიკული, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ხარვეზები და ნაკლოვანებები, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში არსებობს ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ კავშირშია ერთის მხრივ ჰაერის დაბინძურებასთან, ასევე  ნიადაგის დაბინძურებასთან და სამშენებლო სექტორის საქმიანობისას ინერტული ნარჩენების წარმოქმნასთან და დასაწყობებასთან.

 

თემატური  მოკვლევა წარიმართება რამდენიმე თვის განმავლობაში და სავარაუდოდ წლის ბოლოს უკვე გარკვეული შედეგები იქნება მზად.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ასევე წარმოადგინა იმ ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც  თემატურ მოკვლევას წარმართავს.

 

სხდომაზე კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“. კერძოდ, საკითხი ეხება  ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრში საქართველოს გაწევრიანებას.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კომიტეტს განუმარტა, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  სტიქიური პროცესების წინასწარი და უკეთესი პროგნოზირება, რათა დროული და სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს მოსახლეობამ და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას ასეთი პროცესების პრევენციისთვის. ასევე გაუმჯობესდება ამინდის პროგნოზირების სისტემა.

კომიტეტმა სხდომაზე  განიხილა  კანონპროექტი „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

მომხსენებლის, ნინო თანდილაშვილის თქმით, კანონპროექტით განისაზღვრება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის, როშკის ბუნების ძეგლის და ასის აღკვეთილის ახალი ფართობები და საზღვრების კოორდინატები. ასევე დაზუსტდება ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვის, დაცვის და გამოყენების რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები.

 

პროექტის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები,  ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები. ასევე, სახეცვლილი ტერიტორიები,  საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვა.

კანონპროექტით ასევე დაცული ტერიტორიების საზღვრებში შევა ტყით დაფარული და გატყევებული ფართობები, რომლებიც ძველი საზღვრებით დაცული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ იყო დარჩენილი.

 

კომიტეტმა დღის წესრიგით განსაზღვრული კიდევ ერთი საკითხი განიხილა, კანინპროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

კანონპროექტის თანახმად, დგინდება, რომ 2025 წლის პირველ იანვრამდე სსიპ - წიაღის ეროვნული ეროვნულ სააგენტოს მიერ ყოველწლიურად მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი, 7 მლნ ლარი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, ამ კანონის საფუძველზე მიიმართება სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, მისი ბიუჯეტების ფორმირების მიზნებისათვის, მისივე ფუნქციების განსახორციელებლად.

 

კომიტეტმა განხილულ საკითხებს კენჭისყრით დაუჭირა მხარი.

 


კომენტარები:

ფართი შოპი