გიგი წერეთელი მელია - კობახიძის დაპირისპირებაზე - ეს კადრები შეიძლება არავის გაუკვირდეს, ისეთ ლიგაში გადავედით ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში, მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია - ეს ფაქტი არავის ამკობს

23 Sep 2021 20:22

პოლიტიკური მდაბიობაა, უგემოვნო და ცუდი, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის მომხდარი დაპირისპირება.


როგორც წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ აღნიშნა, ეს ფაქტი არავის ამკობს და კიდევ უფრო ცუდია, როდესაც ინციდენტი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მოხდა.


„ეს არის ის, რა გარემოც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, თუნდაც ამ ბოლო დღეებში, როდესაც ვსაუბრობდით ბანერებზე, რომელიც ჩამოიკიდა, რაც თავისთავად იყო იმ აგრესიის, სიძულვილის გამოხატულება, რაც ხელისუფლებას ახასიათებს და ამას არც მალავს. ვამბობდით, რაც ის ბანერები, რაც იყო, ქუჩაში გადმოვიდოდა. ვფიქრობ, ასეთი გარემოს გამოვლინება იყო დღევანდელი ინციდენტიც. ეს ფაქტი არავის ამკობს, კიდევ უფრო ცუდია, როდესაც ეს ხდება ევროკავშირის კართან. სამწუხაროდ, ევროკავშირში არ მიდის არანაირი დადებითი ინფორმაცია საქართველოზე. ეს კადრებიც შეიძლება არავის გაუკვირდეს, ისეთ ლიგაში გადავედით ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში, მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია ჩემთვის. პოლიტიკური მდაბიობაა, უგემოვნო და ცუდი“, - განაცხადა წერეთელმა.


მისი შეფასებით, ხელისუფლების მთავარი ხაზია, რომ აუცილებლად იყოს პოლარიზაცია.


როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, საქართველოში არეულობის შექმნა ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს.


„რაც უფრო არეულ-დარეულობა იქნება საქართველოში, უფრო მეტ თევზს დაიჭერს“,-განაცხადა წერეთელმა.


ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა. კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს, მათ შორის ერთმანეთს „მონა" და „ნაძირალა" ეძახეს.




კომენტარები:

ფართი შოპი