შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე - გუშინ ჩვენ ბანერი გაცოცხლებული ვიხილეთ - ცხვირი ჰგავდა? ჰგავდა, ყური ჰგავდა? ჰგავდა, ასევე ჰგავდა ქცევაც

24 Sep 2021 14:20

გუშინ ჩვენ ბანერი გაცოცხლებული ვიხილეთ. ცხვირი ჰგავდა? - ჰგავდა. ყური ჰგავდა? - ჰგავდა და ასევე ჰგავდა ქცევაც, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ნიკა მელიას და ირაკლი კობახიძის შორის მომხდარი დაპირისპირება ე.წ. სისხლიან ბანერთან პარალელის გავლებით შეაფასა.

მისივე თქმით, აგრესიისა და ზიზღის ტირაჟირებას ოპოზიცია უწყობს ხელს.


„შედით სოციალურ ქსელში და ოპოზიციაზე ერთი კრიტიკული სტატუსი დაწერეთ. დააკვირდით რეაქციებს, ზიზღს, აგრესიას, გარიყვას, რომელიც იქნება თქვენ მიმართ. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც სოციალურ ქსელში იქმნება. რაც შეეხება ბილბორდებს, რომლებზეც ჩვენი ოპონენტები ასეთი მაღალი მორალური პიედესტალიდან საუბრობენ - შევიდნენ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე. შედით „ევროპული საქართველოს“ გვერდზე და ნახეთ, როგორი ბანერები აქვთ. თუ დაბეჭდილ ბანერს სხვა წონა აქვს და ციფრულ ბანერს სხვა? 


მათ ზიზღის ენის შემცველი ვიდეოკლიპები აქვთ გადაღებული, რომლის განთავსებასაც ითხოვდნენ და ტელევიზიისგან უარი მიიღეს, თუმცა უჩივლეს და მოიგეს კიდეც. ზიზღის ენა ჩვენი გამოხატვის თავისუფლება არისო. ჩვენი ოპონენტები ამას წლების განმავლობაში ამკვიდრებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული ბილბორდების განთავსებაზე პასუხისმგებლობა ადამიანთა ჯგუფმა და კონკრეტულმა პირმა უკვე აიღო და „ქართულ ოცნებას“ ამასთან კავშირი არ აქვს.


„რა სხვაობა რომელიღაც ქუჩაზე განთავსებულ 10-მეტრიან ბანერსა და ინტერნეტში 10-სანტიმეტრიან ფოტომონტაჟს შორის? თქვენი აზრით, ბავშვები ასეთ ბანერებს ინტერნეტში არ ნახულობენ? ბავშვები ვაჟა-ფშაველაზე რომ დადიან და რაღაც ბილბორდს ხედავენ, ინტერნეტშიც ხომ შედიან და ხედავენ ფოტოკოლაჟებს? კახა კალაძემ ხომ თქვა, მე ოჯახი არ მყავსო? ნუ გააიგივებთ ამ ბილბორდებს „ქართულ ოცნებასთან“, არ არის კავშირში ჩვენს პარტიასთან და რა ვქნათ, ხომ არ დავიბრალებთ?“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი