ელენე ხოშტარია - ხელისუფლება, დაწყებული კალაძეებით და ივანიშვილის ოჯახით ამ სახელმწიფოს უყურებს, როგორც საკუთარი თარეშის სივრცეს, სადაც მათ ნათესავებს შეუძლიათ „დაალაგონ“, ფული აიღონ, კორუფციაში ჩაფლონ ქვეყანა

25 Sep 2021 15:09

ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება, დაწყებული კალაძეებით და ბიძინა ივანიშვილის ოჯახით ამ სახელმწიფოს უყურებს, როგორც საკუთარი თარეშის სივრცეს, სადაც თანამდებობის პირების ნათესავებს შეუძლიათ, „დაალაგონ“, მოაგვარონ, ფული აიღონ, კორუფციაში ჩაფლონ ქვეყანა, დაჩაგრონ, ღირსება გაუთელონ და ამის შედეგად დაიღუპონ ადამიანები,“- ასე გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, „მთავარი არხის“ ეთერში ექიმ მანანა მოდებაძის ოჯახთან დაკავშირებულ ამბავს.


ელენე ხოშტარიას თქმით, მოდებაძე-ორდენიძეების ოჯახი ერეთადერთი არ არის, ვინც სისტემამ „გაჭყლიტა, ბევრი ადამიანი მსგავს თემებზე საუბრისგან თავს შიშის გამო იკავებს.


„მინდა გამოვეხმაურო იმ ძალიან შემზარავ ფაქტს, რომელიც გუშინ მოვისმინეთ „მთავარი არხის“ სიუჟეტში მოდებაძე-ორდენიძეების ოჯახთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ მორიგი შემთხვევა სისტემისგან სასტიკად გაჭყლეტილი და განადგურებული ოჯახის. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არ არის ერთადერთი ოჯახი და ბევრი ადამიანი ამ ტრაგედიებს, სისტემისგან გაჭყლეტვის შემთხვევებს, უბრალოდ მალავს შიშის გამო. ასეთია დღეს ჩვენი სახელმწიფო. 


ამ საქმეში ჩვენ ვნახეთ პოლიცია, ფინანსური პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო, პროკურატურა - მთელი სახელმწიფო სისტემა, ასევე დავინახეთ სასამართლოს არარსებობა, რომელიც არასდროს საქართველოში არც ერთი ჩვენი მოქალაქის იმედი არ არის. არ არსებობს არც შემოსავალი, არც ეკონომიკა, არც მშვიდობა, არც უსაფრთხოება ასეთი ტიპის სახელმწიფოში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავფიქრდეთ თუ როგორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ 2 ოქტომბერს.


2 ოქტომბერი არის არჩევანი, რომ დაიხუროს ეს სასტიკი ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა და კოალიციის წარმომადგენელმა, გარდა იმისა, რომ ვილაპარაკო, როგორ ცუდად ეპყრობა „ქართული ოცნება“ და ეს სისტემა ჩვენს მოქალაქეებს, მინდა საგანგებოდ მივმართო ყველას, რომ თუ ჩვენ 2 ოქტომბრის შემდეგ არ ავაშენეთ სახელმწიფო, სადაც ადამიანის ღირსება, მისი უფლებები, პროფესიონალიზმი, სიმშვიდე არ იქნება ღერძი და მთავარი ჩვენი ამოცანების, ნული იქნება ფასი ყველა პოლიტიკური პარტიისა და ყველა პოლიტიკოსის, ყველა ჩვენგანის ჩათლით. ამიტომ, დამოუკიდებლობის 30 -წლიანი ისტორიის თავზე, ჩვენ ყველა პოლიტიკოსმა უნდა დავდოთ პირობა, რომ არავის აღარ გაუვა ადამიანის ასე გათელვა. 


ჩვენ ხელისუფლებაში მოვდივართ არა იმიტომ, რომ ჩავანაცვლოთ კალაძე თუ ადიკო, არამედ იმიტომ, რომ ავაშენოთ ღირსეული, ეფექტური, ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც დაიცავენ ადამიანს, უზრუნველყოფენ შემოსავალს და ღირსეულ ცხოვრებას ჩვენს სახელმწიფოში,“- განაცხადა ხოშტარიამ.


ცნობისთვის, გუშინ „მთავარი არხის“ ეთერში მოდებაძეების ოჯახმა კახა კალაძის ოჯახი, ექიმ მანანა მოდებაძის სიკვდილამდე მიყვანაში დაადანაშაულა და მოყვა თუ როგორ დევნიდა ძალოვანი სტრუქტურებიდან მანანა მოდებაძის შვილს დათო ორდენიძეს, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი