გიორგი გახარია: „შეუძლებელია ძლიერი საქართველო წარმატებული თბილისის გარეშე და თბილისის წარმატებაც შეუძლებელია ძლიერი სახელმწიფოს გარეშე“

25 Sep 2021 23:51

„უნდა დავიწყოთ ცვლილებები ამ ქვეყნისთვის ცვლილებისთვის და უკეთესობისთვის. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არავის არ ვებრძვით და არავის წინააღმდეგ ომს არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ბრძოლა ჩვენთვის თვითმიზანი არ არის - ჩვენი მიზანია ძლიერი, სამართლიანი და წარმატებული ქვეყნის შენება და ამ ქვეყანაში ცხოვრება, ისევე როგორც წარმატებულ დედაქალაქში ცხოვრება. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ შეუძლებელია ძლიერი საქართველო წარმატებული თბილისის გარეშე და თბილისის წარმატებაც შეუძლებელია ძლიერი სახელმწიფოს გარეშე.“ - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა - გიორგი გახარიამ ვაზისუბნის მოსახლეობას.

„თბილისთან მიმართებაში ჩვენი მთავარი პრინციპები იქნება კორუფციისგან დაცლილი და განთავისუფლებული თბილისი, ნეპოტიზმისგან დაცლილი და განთავისუფლებული თბილისი, სადაც რიგით მოქალაქეს პრობლემა არა აქვს მერიაში, გამგეობაში მივიდეს და დაელაპარაკოს ადამიანებს, რომლებიც მან აირჩია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პრინციპი იქნება თანაბრად განვითარებული თბილისი. როდესაც მწირი ბიუჯეტი გაქვს და გაქვს უბნები სადაც ელემენტარული, საბაზისო ინფრასტრუქტურა არ გაქვს განვითარებული - არ შეიძლება შენ რაღაც ფუფუნების ზონებს იწყობდე ქალაქის ცალკეულ უბნებში.“- ამბობს გახარია.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ქალაქის თანაბარი განვითარება მნიშვნელოვანია, რათა მომავალი თაობა ქალაქის ნებისმიერ უბანში თანაბარ პირობებში გაიზარდოს და თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს განვითარებისთვის.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში და ქალაქში განახლება დავიწყოთ,  რომ ელემენტარული საბაზისო ინფრასტრუქტურა ყველგან თანაბრად იყოს განვითარებული - სკოლა, ბაღი, გზა, ტრანსპორტი - ელემენტარული მუნიციპალური სერვისები და არ გვიწევდეს ჩასვლა ქალაქის ცენტრში. ამას ყველაფერს რომ მოვრჩებით - მერე ფუფუნებაც კარგია, მერე შეიძლება მარმარილოს ფასადებიც, ძალიან კარგი სკვერებიც და ყველაფერი. ეს იქნება ძირითადი პრინციპი - სხვაობა არ უნდა იყოს თბილისის რომელ უბანში იზრდებიან ჩვენი შვილები, მათი შესაძლებლობები თანაბარი უნდა იყოს, არ უნდა იყოს სხვაობა სად ვცხოვრობთ - გლდანში, მუხიანში, ვაზისუბანში, ვარკეთილში, ვაკეში, საბურთალოზე თუ ვერაზე და მთაწმინდაზე. აი ამ სხვაობას რომ მოვსპობთ - რომ საბაზისო პირველადი მოთხოვნილებების პირობები თანაბარი  გვექნება - მერე რა თქმა უნდა ქალაქის ცენტრი უფრო უნდა გავალამაზოთ, რომ მეტი ტურისტი მივიღოთ. რა თქმა უნდა, უფრო მეტი სიმწვანე გვჭირდება, რა თქმა უნდა ყველგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქალაქში არ უნდა იყოს ნეპოტიზმი და არ უნდა იყოს კორუფცია. ქალაქში დაბადებულ და განათლებამიღებულ ახალგაზრდებს ყველას უნდა ჰქონდეთ თანაბარი პირობები და თანაბარი შესაძლებლობები - და რა უნდა ვთქვათ მაშინ იმ ბავშვებზე, რომლებიც სოფლად გაიზარდნენ - ახალგაზრდები კი არ უნდა მიდიოდნენ თბილისიდან, არამედ აქ უნდა ემსახურებოდნენ თავის ქალაქს და თავის ქვეყანას.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე პრემიერის პოსტიდან თავისი გადადგომის მიზეზებზეც ესაუბრა ვაზისუბნის მოსახლეობას.


„სანამ იქ შესაძლებელი იყო ქვეყნის და სახელმწიფოს მსახურება - მე ვიყავი იქ. როგორც კი, ერთმა ცალკე აღებულმა პარტიამ თავისი ინტერესებით ძალაუფლების შენარჩუნება დააყენა სახელმწიფოზე და ქვეყანაზე მაღლა, რა თქმა უნდა იქიდან წამოვედი. იმიტომ რომ, მე თუ ვინმესთვის ერთგულების ფიცი დამიდია - ეს ჩემი ქვეყანა და ჩემი სახელმწიფოა და არა პარტია. იგივე ეხება ჩვენს ახალდაფუძნებულ პარტიასაც. როგორც კი ამ პარტიაში ადამიანები ვერ გაითვიცნობიერებენ, რომ პარტია არის მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი, რომ ამ ქვეყანას და სახელმწიფოს ემსახურო - რა თქმა უნდა, უნდა მოვიდეს სხვადასხვა უნდა იყოს უფრო წარმატებული და უფრო სათავეში. ესეა!“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი