გუბაზ სანიკიძე - ჭიტას გვეთამაშება ახლა „ოცნება“, ბავშვი რომ ხელებს იფარებს სახეზე და ჰგონია, არ ჩანს - არ მოხვალ არჩევნებზე? - ან კოვიდი ამოგხდის სულს ან ბიძინა

27 Sep 2021 17:37

მოხვალ არჩევნებზე იქნება ცვლილება, არ მოხვალ და ან კოვიდი ამოგხდის სულს ან ბიძინა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.


მისივე თქმით, ერთი კაცის იმედად არ უნდა ვიყოთ, ყველა უნდა იყოს საკუთარი თავის იმედად.


„უფროსი და უმცროსი ამ საქმეში არ არის, ქვეყანას ვკარგავთ ბრალიანებიც და უბრალოებიც. ერთი კაცის იმედად ყოფნა არა, ყველა უნდა იყოს საკუთარი თავის იმედად. მოხვალ არჩევნებზე იქნება ცვლილება, არ მოხვალ და ან კოვიდი ამოგხდის სულს ან ბიძინა. სინამდვილეში ორივე ერთი და იგივეა.

პოლიტიკას და რწმენას ვეღარ ვყოფთ. მაგალითად, გავიგე, რომ „ოცნების“ მესვეურები ამომრჩეველს აფიცებენ ხატზე. მეოცნებეებო, უფალი არჩევნებზე არ ერევა და ნუ ჩარევთ, კომისიის თავმჯდომარედაც ვერ დანიშნავთ უფალს. რწმენა სხვა არის და პოლიტიკა სხვა. არ გიშველით ხატზე დაფიცება. ხატზე აფიცებთ ხალხს, რომ 41 შემოხაზონ. ასეთი რამ მე არ გამიგია. მრევლს, ათეისტს, მორწმუნეს და არამორწმუნეს მოვუწოდებ, რომ იფიქრეთ საკუთარ არჩევანზე. თქვენი მოციქული ბიძინა ივანიშვილი არის მებრძოლი ათეისტი“ , - განაცხადა სანიკიძემ.


ამასთან, გუბაზ სანიკიძემ გადაცემაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა.


„პირობა სააკაშვილს არ აქვს, ის აპირებს უპირობოდ ჩამოსვლას. დარწმუნებული ვარ ჩამოვა. ვისაც არ სჯერა, როცა იხილავენ მიხეილ სააკაშვილს ქართულ მიწაზე, ალბათ, მოუწევთ დაჯერება. თუმცა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან არა, არ მჯერაო“, - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე შეფასებით, „ოცნება“ „ჭიტას“ გვეთამაშება, მაგრამ ვერ დაიმალება.


„ოცნებას“ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი აქვს მოწერილი. ასე არ არის, რომ ხელი მოვაწერე და გავედი. ის ხელმოწერა არ ქრება არსად. პოლიტიკური და მორალური ვალდებულება „ოცნებას“ აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჭიტას გვეთამაშება ახლა „ოცნება“. ბავშვი ხელებს რომ იფარებს სახეზე და ჰგონია, რომ არ ჩანს. დაახლოებით ასეთ მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“, - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.




კომენტარები:

ფართი შოპი