ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაურ ცხოველებს ცოფზე უფასოდ აცრის

27 Sep 2021 19:46

28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, 5 მისამართზე ჩაატარებს.


ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ცხოველებს (ძაღლი/კატა) ანტირაბიული აცრა უფასოდ ჩაუტარონ.


სააგენტოს ავტომობილი მისამართებზე განრიგის მიხედვით მივა და ოთხფეხა პაციენტებს ერთი საათის განმავლობაში მოემსახურება.

ვარკეთილი, გ. აბაშვილის N20-თან მდებარე პარკი - 10:00-11:00 სთ.

ვერის ბაღი – 12:00-13:00 სთ.

ბუკიას ბაღი - 14:00-15:00 სთ.

მირიან მეფის 102 ნომერთან მდებარე სკვერი (მაღაზია ორ ნაბიჯთან) - 16:00-17:00 სთ.


გლდანის მესამე მიკრორაიონი, მე-7 და მე-9 კორპუსებს შორის მდებარე სკვერი - 18:00-19:00 სთ.


ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ჩატარდება.


მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე - 032 2 421 424 (ან გაგზავნონ შეტყობინება სოციალური ქსელის საშუალებით). ამის შემდეგ, შესაძლებელი იქნება ცხოველების მიყვანა ხელსაყრელ მისამართზე, ვაქცინაციის ჩასატარებლად.


ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ ყოველწლიური რევაქცინაცია, როგორც ძაღლებისა და კატებისთვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, ასევე, ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მისი მიზანი მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა.


წყარო:  " imedinews.ge" 




კომენტარები:

ფართი შოპი