განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს
მიხეილ ბატიაშვილს
ბატონო მინისტრო,
უკანასკნელ სამ ათეულ წელს იმდენ უშნოდ თუ ლამაზად წარმოთქმულ, ოღონდ მერე შეუსრულებელ დანაპირებს ვისმენთ, სულაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ თქვენი განცხადებებიდან ერთი მისხალიც არ გვჯერა. ამავე მიზეზით, ალბათ, დანაპირებიც რომ შეასრულოთ, უკვე მაგასაც ვერ დავიჯერებთ. მაგრამ თუ საქმის კეთებას მართლა აპირებთ, პირდაპირ გეტყვით „მოკლევადიანი პერსპექტივისთვის“ რა საშური ნაბიჯებიც უნდა გადადგათ:
- თქვენ უნდო დააყენოთ საკითხი, დაუყოვნებლივ შეჩერდეს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა დაკარიერული წინსვლის მოქმედი სქემა (ისე, რომ არ დაზარალდნენ უკვე კონკრეტულ სტატუსამდე მიღწეული პედაგოგებიც) რადგან მოსწავლეთა განათლების დონისა და ხარისხის დაქვეითების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად სწორედ ეს ე.წ. ბიუროკრატიული სქემა იქცა და რომელმაც დააჩქარა განათლების კოლაფსი;
- უნდა გაათავისუფლოთ კორუმპირებულ-ნეპოტისტური ბირთვი, უპირველესად ეს ეხება მინისტრის მოადგილეს ლია გიგაურს, ესენია დავით ლომინაშვილს, გიორგი ქოჩიშვილს და შემდეგ სხვა „ბნელებს“. ეს ადამიანები სისტემის არასასურველი მუშაკებს, თანამდებობიდან გაშვების მიზნით „უკერავდენ“ ყალბ საქმეებს და ამ ეტაპზე არა და არ ინტერესდებიან არაერთი ჩინოვნიკის დარღვევებით. ლია გიგაურზე არსებობს ეჭვები ხორავას ქუჩის მკვლელობასთან მიმართებითაც და ამაზე უნდა აცნობოთ პროკურატურას;
- დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოთ თანამდებობიდან ნეპოტიზმში, ტერორსა და კორუფციაში ეჭვმიტანილი ექსმინისტრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე (ის ამ თანამდებობაზეც კანონდარღვევით დაინიშნა) და მიმართოთ პროკურატურას მისი საქმიანობის შესასწავლად. ასევე პროკურატურას უნდა მიმართოთ, დაინტერესდნენ ალექსანდრე ონოფრიშვილითაც, რომელიც სანიკიძის მინისტრობისას „შეფობდა“ შიდა აუდიტის დეპარტამენტს. ყველა ჩამოთვლილ პირზე დეტალური საეჭვო გარემოებები ადრე გამოვაქვეყნეთ, წარვუდგინეთ პროკურატურასაც და კვლავ მზად ვართ თანამშრომლობისთვის.
- თქვენ უნდა მოითხოვოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვის ობიექტური შესწავლა და დააყენოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გაუქმების ან რეორგანიზაციის საკითხი, რადგან მან აბსოლუტურად ვერ გაართვა თავი დაკისრებული ფუნქციების შესრულებას;
- თქვენ უნდა უზრუნველყოთ: სასწარაფოდ დაუბრუნდნენ სასწავლო დაწესებულებებს (ყველა საფეხურზე) წინა მინისტრების დროს დევნილი და უკანონოდ გათავისუფლებული პროფესიონალი კადრები, ხელოვნურად დაბლოკილი ადამიანური კაპიტალი (თქვენ გესესხეთ). მათ შორის ხელმძღვანელი პირები, რომელთა თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს სასამართლო ხელისუფლება;
- თქვენ უნდა უზრუნველყოთ: დირექტორთა მხრიდან ყველა საფეხურის სასწავლო დაწესებულების პედაგოგთა დაშინება-შანტაჟის შეწყვეტა, სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაცია. პედაგოგებთან უშუალო დიალოგის რეჟიმის შემოღება.
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დავიმედდებით, რომ საქმის კეთებას აპირებთ და ეს ჩვენც მოგვცემს საშუალებას, გამოვთქვათ მზადყოფნა სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის.
დავით ფერაძე
პედაგოგი,
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი