"ორჯერ ამცდა ტყვია, მეგობარს გაუვარდა ნაგანიდან" - გივი თარგამაძე

23 Jul 2018 03:19

,,ესეც 50. ნახევარი საუკუნე.

 

ამ 50-დან 32 წინა საუკუნის ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დროს ვიცხოვრე და ამ მონაკვეთის მოვლენებში შეძლებისდაგვარად ვიმონაწილევე კიდეც.

ამ საუკუნიდან კიდევ უფრო მეტს ველი.

 

სულ მახსენდება, ჩემი აფეთქების მეორე დღეს მიტინგზე ერთმა მხარდამჭერმა შემომძახა, რამდენი სიცოხლე დაგრჩაო? 

 

ეგ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ, მგონი, სრულად აღვიდგინე, რამდენჯერ და რას გადავურჩი:

 

1. ერთხელ აბაზანაში არასწორად დაყენენებული მილის გამო CO-თი, მხუთავი აირით გავიგუდე. უფრო მეტად საიქიოს ვიყავი, ვიდრე აქეთ. იმედიც რომ გადამეწურა, უეცრად დავბრუნდი;

 

2. ცხინვალის ბლოკპოსტამდე და უკან თბილისში მაქსიმალური სიჩქარით მოგვიწია ჩასვალა და დაბრუნება. აღმოჩნდა, რომ მანქანას უკანა ხიდი მთლიანად ჰქონდა მოგლეჯილი, არაფერი არ იჭერდა და რატომ არ გაძვრა, ვერ გაიგეს;

 

3. მას შემდეგ, რაც ასლანის მომხრე დაახლოებით 80-მა სპორტსმენმა კარგა ხანს გულმოდგინედ მირტყა ხელფეხი, ერთმა ნაგავმა ნახევარი მეტრიდან ორჯერ მთელი ძალით ჩამარტყა თავში აგური. ამან კი არ მომკლა, გადამარჩინა, სისხლმა რომ გამოასხა, არ მოკვდესო და შემეშვენ;

 

3-4. ორჯერ ტყვია ამცდა - მეგობარს გაუვარდა ნაგანიდან, თავის მთელ გაყოლებაზე ტყვიამ თმაში ღარი ამომიწვა, მაგრამ, თავს არ შეხებია. შევარდნძის დროს ერგნეთის ბაზრობის ამბებს ვიძიებდი, იქ, ადგილზე, დილის ექვს საათზე, დაბნეულმა ქართველმა მესაზღვრემ სამიოდე მეტრიდან ავტომატიდან გვესროლა. ტყვიამ საქარე მინა გახრიტა და წინ მჯდომ ორს შუა გაგვიარა;

 

5-6-7. სამჯერ გადავურჩი ბომბს - ოკუპანტებთან ტყვეებისა და ცხედრების გაცვლაზე მიმდინარე მოლაპარაკებებისას, როგორც მერე გაირკვა, გორის ჰოსპიტლის შენობაში მაგიდის ქვეშ მთელს სიგრძეზე საჰაერო მილში გაჩხერილი 500 კილოიანი საავიაციო ბომბი იდო, 24 საათიანი თვითგანადგურების მექანიზმით აღჭურვილი, მიზეზი ვერ გაიგეს, მაგრამ, არ აფეთქდა. ერთ ქვეყანაში რუსებისთვის არასასურველ პიროვნებასთან ერთად ჩემი ყოველდღიური სასეირნო ალაგიდან უამრავი ნაღმი ამოიღეს, საბრძოლო მდგომარეობაში მომართული. ბევრჯერ გავიარეთ მათზე, მაგრამ, არ აფეთქდა. ბოლო ბომბი, გახსოვთ ალბათ, აფეთქდა, სამწუხაროდ, ხალხიც დააზიანა, მე კი გადავრჩი და ორმოცდაათისაც გავხდი.

 

ხოდა, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის ფედერალური ძებნის გამო გადაადგილება ძალზედ შეზღუდული მაქვს, სამშობლოში კი ამ ამბების ჩამდენები ჯერჯერობით დაუსჯელები დაიარებიან, არც აწი ვაპირებ ვერგადარჩენას.

ვაპირებ, ნინასთან ერთად ვიხილო ფონს გასული სამშობლო, შვილების, შვილიშვილების და ეგებ, შვილთაშვილებისაც, ბედნიერება, ვაპირებ, დავისვენო მათთან ერთად ლიძავაში და საღამოობით მოვუყვე, როგორ დასამარდა ოკუპანტების ბოლო მეფე.

 

ახლა კი, ყველას წინასწარ გიხდით მადლობას მოლოცვისა და თბილი სიტყვებისთვის.

 

P.S. ასე ამომყავს ხოლმე თავი იქიდან, ყურით”


ცნობისთვის: გივი თარგამაძე 50 წლის გახდა.


კომენტარები:

ფართი შოპი