"ტარიელ ნაკაიძეზე ცალკე დავწერ, დადგა ამისი დრო!" - ირმა ინაშვილი

03 Aug 2018 02:38

ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ 8 რელიგიური ორგანიზაციის სარჩელი დააკმაყოფილა. ცალ-ცალკე რომ ჰკითხო, ყოველი მათგანის ლიდერი (ეპისკოპოსი თუ პასტორი)  მოგახსენებთ, რომ მათ საკუთარი ეკლესიების მდგომარეობის გამოსწორების მიზნით იჩივლეს. არადა, პირდაპირ ვამბობ: ამ რელიგიურმა ორგანიზაციებმა მართლმადიდებლურ ეკლესიას უჩივლეს! მათ შორის, ვინც მართლმადიდებლური ეკლესიას უჩივლა, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციაა.


ვატიკანი ძალზედ პატარა ქალაქი-სახელმწიფოა! ფაქტობრივად, რომის ერთ-ერთი უბანია. თან, რომის უბანია და თან- ქალაქი-სახელმწიფოა. ამასთან, ვატიკანი რელიგიური სახელმწიფოა, ანუ ვატიკანი არ არის რეპუბლიკა, ის კათოლიკური სახელმწიფოა, რომლის სათავეშიც  რომის პაპი დგას. იმის გამო, რომ ვატიკანი (როგორც სახელმწიფო) ძალზედ პატარაა, საელჩოები რომშია განთავსებული. მაგალითად, საფრანგეთის საელჩო ვატიკანში განთავსებულია რომში, ინგლისის საელჩო ვატიკანში განთავსებულია რომში. ცხადია, იტალიის საელჩო ვატიკანში, ასევე, რომშია განთავსებული, ანუ იტალიის დედაქალაქში. თუ რაიმე გასაგებად ვერ დავწერე, ასეთ მაგალითს მოვიყვან: ელიას მთა რომ ცალკე სახელმწიფოდ გამოვაცხადოთ, ცალკე მართლმადიდებლურ სახელმწიფოდ და ამ სახელმწიფოს მეთაური რომ იყოს  საქართველოს პატრიარქი!


ახლა სხვა კითხვა: შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ვატიკანში, რომელიც ფაქტობრივად კათოლიკური სახელმწიფოა, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კათოლიკურ ეკლესიას უჩივლოს,- მეც იგივე პირობები და პრივილეგიები მეკუთვნის, რაც შენო?! არა მგონია, ეს ვინმეს აზრად მოუვიდეს თავში და მითუმეტეს,  არა მგონია, ასეთი სარჩელი ვინმემ დააკმაყოფილოს! მაგრამ სხვა ვარიანტი განვიხილით. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ რომში, იტალიის დედაქალაქში მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უჩივლოს კათოლიკურ ეკლესიას და რაიმე სახის სარჩელი მოუგოს? ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელი აბსურდია. მაგრამ ჩვენთან, საქართველოში ყველაფერია შესაძლებელი. კათოლიკური ეკლესია ჩვენთან სტუმარია, რომელსაც არც არავინ ავიწროვებს, არც არავინ ებრძვის, არც ვინმე უშლის ხელს, მაგრამ ეს სტუმარი, ჯუზეპე პაზოტოს სახით, მართლმადიდებლურ ეკლესიას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის და თხოვს იგივე უფლებებს, რაც მართლმადიდებლურ  ეკლესიას აქვს. სინამდვილეში, მხოლოდ უფლებებს კი არ ითხოვს, ითხოვს, რომ... მაგალითად, მართლმადიდებლური ტაძარი რომ მოხატო და ხატი შეწირო, დღგ-ს გადასახადი უნდა გადაიხადო. ასეთია კათოლიკური ეკლესიის (ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის) სურვილი, რომლის წინამძღოლიც თან, ამბობს, რომ ჩვენი მეგობარია. პატივისცემით შეგახსენებთ, რომ  კათოლიკეები საქართველში მოსახლეობის 0,5%-ია.


მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ამ საკითხზე აუცილებლად მივმართავ რომის პაპს. იმედს ვიტოვებ, რომ პოზიტიურ პასუხს მივიღებ, ანუ ვატიკანი ბატონ ჯუზეპეს აუხსნის, რომ მსგავსი ქმედებები უზნეობაა.


საინტერესოა, რომ ამ უზნეობაში, კათოლიკური ეკლესიის გარდა, მისი კიდევ 7 თანამებრძოლი მონაწილეობს. შვიდივეს ცალ-ცალკე წერილს მივუძღვნი. დღეს მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ შვიდეულში (არ გაგიკვირდეთ) ერთ-ერთი ტარიელ ნაკაიძის ქართველ მუსლიმთა კავშირია, ანუ ტარიელ ნაკაიძე, რომელიც გვეუბნება,- თქვენი სისხლი და ხორცი ვარო, თან, ეკლესიას უჩივის, თან, მუსლიმთა სამმართველოსაც ღიად ებრძვის და თან, „ფეისბუქიდან“ გვემუქრება!  მაგრამ ტარიელ ნაკაიძეზე ცალკე დავწერ, დადგა ამისი დრო!"


კომენტარები:

ფართი შოპი