"ისრაელიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა აჭარაში ყოველწლიურად მზარდია"

17 Aug 2018 19:05

ისრაელიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა აჭარაში ყოველწლიურად მზარდია, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ისრაელის ელჩთან შაბთაი ცურსთან შეხვედრისას განაცხადა. 


აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს, რაც რეგიონულ დონეზე წარმატებული თანამშრომლობითაც გამოიხატება. 


შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის რეგიონში ზაფხულის სეზონის მიმდინარეობაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ ისრაელი აჭარისთვის კვლავ წარმოადგენს ტურისტულად მიმზიდველ სამიზნე ქვეყანას, საიდანაც ტურისტების რაოდენობა რეგიონში ყოველწლიურად იზრდება (ზრდა 56%). ისრაელი რეგიონში შემოსული ტურისტების რაოდენობის მხრივ მეხუთე ადგილზეა. აქტიურია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაც: წლევანდელ სეზონზე ბათუმი-თელავივის მიმართულებით კვირაში 10-ზე მეტი პირდაპირი საჰაერო ფრენა დაფიქსირდა. 


შეხვედრაზე რეგიონის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.


ipn.ge



კომენტარები:

ფართი შოპი