"ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის საიდუმლო ის არის, რომ ბოროტებას არ იკარებს, სიკეთით ცხოვრობს"-ექსპრემიერის ყოფილი მზარეული

08 Sep 2018 03:21

როგორც გაირკვა, ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ დიეტას არ იცავს. უბრალოდ, ცოტას ჭამს, მიირთმევს ნატურალურ საკვებს და ცხოვრობს ჯანსაღი წესით. როგორც მისმა ყოფილმა შეფმზარეულმა გრიგოლ გაგნიძემ მითხრა, ბოლო დროს ივანიშვილების წყვილი იოგის ვარჯიშით დაინტერესებულა და  უფრო შეუზღუდავთ მენიუ.  


74 წლის გრიგოლ გაგნიძე უკვე რამდენიმე წელია, ივანიშვილებთან აღარ მუშაობს,თუმცა, მათთან კვლავ მეგობრობს. ხელმადლიან გაგნიძეს ივანიშვილების მზარეულები დღესაც ეკითხებიან რჩევებს. მიუხედავად იმისა, რომ მის ნახელავს ათეული წლების განმავლობაში სიამოვნებით მიირთმევდა საბჭოთა ელიტა და უამრავი ცნობილი ქართველი, პირადი ურთიერთობა მხოლოდ ვასილ მჟავანაძესა და ბიძინა ივანიშვილთან ჰქონია.


ამ ორ ადამიანს, თურმე, ერთი საერთო თვისება ახასიათებდა - სადილის შემდეგ აუცილებლად მოინახულებდნენ შეფმზარეულს და გულითად მადლობას გადაუხდიდნენ. გაგნიძის გემრიელი ნახელავით უწყობდნენ სუფრას კოსიგინსა და ბრეჟნევს, თუმცა პირადად არც ერთს არ შეხვედრია.



ახსოვს როკფელერისა და უმცროსი კენედის სტუმრობა. ჯერ კიდევ წვეულების დროს ვიღაც ლამაზი ქალი შესულა რესტორნის სამზარეულოში და ინგლისურად უკითხავს შეფმზარეულის ვინაობა. ახალგაზრდა გრიგოლ გაგნიძეს სიამოვნებით წარუდგენია თავი. ქალს მისთვის დიდი მადლობა გადაუხდია და უცხოური ლიქიორის ბოთლი გაუწოდებია, - ეს თქვენ, აღფრთოვანებული ვარ თქვენი ხელოვნებითო. 



1962 წელს გრიგოლ გაგნიძემ  ბუდაპეშტში, საბჭოთა კავშირის კულტურის დღეებზე, ქართული სამზარეულო წარადგინა. ამის შემდეგ რაჭველი მზარეულის გარეშე, თურმე, არც ერთი დელეგაცია აღარ მიდიოდა უცხოეთში გამართულ კულტურულ ღონისძიებებზე.  
რა არის მისი კულინარიული ხელოვნების საიდუმლო? უკვე ხანდაზმული მზარეული ამბობს, რომ კერძი არ ივარგებს, თუ სიყვარულით არ მოამზადებ. 


"ერთხელ, ყველა რომ დავაპურეთ, სამზარეულოს გვერდით ოთახში ვისვენებდით. იქ შემოვიდა, დაჯდა ჩვენთან. მადლობა გადაგვიხადა ტრადიციულად კარგი სუფრისთვის და დიდხანს გვესაუბრა. ბატონ ბიძინას უყვარს იმ ხალხთან ურთიერთობა, ვინც მასთან მუშაობს, მაგალითად, პარასკევს და შაბათს მეყვავილეები მოდიოდნენ ხოლმე და მათთან ერთად სადილობდა. მგონი, ერთ-ერთ მათგანს დაუნათესავდა კიდეც, ნათლიად მოიკიდა თუ თვითონ მოუნათლა ბავშვი, აღარ მახსოვს. ვფიქრობ, მისი ჯანმრთელობის საიდუმლო ის არის, რომ ბოროტებას არ იკარებს, სიკეთით ცხოვრობს.


როდესაც მისგან წამოვედი, მთხოვა, ახალი მზარეულები აღმეზარდა და ამის შემდეგ გავსულიყავი პენსიაში. 250 ლარი დამინიშნა სიცოცხლის ბოლომდე. წამოსვლისას კი 3.000 დოლარი მაჩუქა. ფული კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მისი ადამიანობა. ის არასოდეს გაგრძნობინებს თავს მსახურად."-იხსენებს ივანიშვლის ყოფილი მზარეული.


წყარო: კვირის პალიტრა


კომენტარები:

ფართი შოპი