"ყველაფერი, რაც სპორტისგან შორს არის, გვერდზე უნდა გადავდოთ, არავინ იკადროს პირადი და საერთო აურიოს ერთმანეთში"- კახა კალაძე

09 Sep 2018 14:21

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ფეხბურთის გულშემატკივრებს 9 სექტემბერს, საქართველო-ლატვიას შორის გასამართ თამაშზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან სპეციალური მიმართვა სოციალური ქსელში გაავრცელა.


„დღეს, ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სასურველი შედეგით ჩატარებული მატჩი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სტარტის საწინდარი შეიძლება გახდეს. თუ გვინდა ეს წარმატება, თუ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ჩვენს ფეხბურთს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ, სამოქალაქო, პოლიტიკური პოზიცია, კონფრონტაციის თუ პროვოკაციის სურვილი, ყველაფერი ის, რაც სპორტისგან შორს არის და არეულობის, სირცხვილის მომტანია. ჩვენ უნდა დავანახოთ საფეხბურთო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს ჩვენი ერთობა, ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსეული გულშემატკივრობა, ჩავიცვათ ნაკრების მაისურები, ავაფრიალოთ საქართველოს ეროვნული დროშა და გუნდის გულშემატკივრობისას გულწრფელები ვიყოთ. მგონია, რომ არავის ეპატიება და არც არავინ უნდა იკადროს პირადი და საერთო აურიოს ერთმანეთში. პირიქით, დავანახოთ მსოფლიოს არა ერთმანეთისგან გაუცხოება და შუღლი, არამედ ერთად დგომა და გულწრფელი ქომაგობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


ამასთან, კახა კალაძემ საქართველოს ნაკრებს ხვალინდელ მატჩში გამარჯვება უსურვა.


„მინდა წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვალინდელ მატჩში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით, ერთიანი ძალისხმევით, ნაკრები, გულშემატკივარი, სრულიად საქართველო, ხვალ იმ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ, რომელიც შეიძლება იყოს საწინდარი ევროპის ჩემიონატზე ჩევნი მოხვედრისა. მგონია, რომ ხვალ თამაშზე ბევრი ადამიანი მოვა და ნაკრებს ერთად ვუგულშემატკივრებთ. ხვალინდელ შეხვედრაში აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


 უეფას ახალი ტურნირის „ერთა ლიგის“ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები:

ფართი შოპი