როგორ მოვიქცეთ თუ მართვის მოწმობის 100 ქულა ამოიწურა

01 Jul 2017 05:54

ხვალიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდება. თითოეულ სამართალდარღვევაზე მძღოლს ფულადი ჯარიმის დაკისრებასთან ერთად მართვის მოწმობის 100 ქულიდან გარკვეული რაოდენობაც ჩამოეჭრება. სამართალდარღვევებზე მინიჭებული ქულების რაოდენობა უკვე ცნობილია.

თუმცა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული 100 ქულა ამოიწურა?

მძღოლს მეორე დღესვე შეეძლება თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება და 100 ქულიანი მართვის მოწმობის ხელახლა აღება. 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაწყებული, ყოველი წლის 1-ელ იანვარს კი დარჩენილი ქულები განულდება და მძღოლებს ახალი 100 ქულა დაერიცხებათ.

"ახალი კანონმდებლობით მძღოლს რჩება ალტერნატივა ჩააბაროს გამოცდა თუ დაელოდოს 1-ელ იანვარს, რომ ქულები დაერიცხოს. ამ საკითხის განხილვის დროს გავითვალისწინეთ ის კატეგორია, რომლისთვისაც მძღოლობა პროფესიული საქმიანობაა. სწორედ ამიტომ ნებადართულია, 100 ქულის ამოწურვისთანავე გამოცდის ჩაბარება და ავტომობლის მართვის უფლების ხელახლა მიღება," - განმარტავს "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.

100 ქულის ამოწურვის შემდეგ გამოცდების ჩასაბარებლად გარკვეული გადასახადი არ იქნება. გამოცდების ჩაბარება სტანდარტული წესების დაცვით მოხდება.

1-ელი ივლისიდან გამკაცრდება წესები ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზეც. მართვის მოწმობის ჩამორთმევა მოხდება 1 წლით. თუმცა, 3 თვის შემდეგ შემდეგ მართვის მოწმობა ჩამორთმეულ ადამიანს შეეძლება გამოცდის ხელახლა ჩაბარება.

კიდევ ერთი ალტერნატივაა 1000 ლარის გადახდა და შსს მინისტრის სახელზე შეწყალების განცხადების დაწერა. თუ შეწყალება მოხდა, აღნიშნული ოდენობის თანხას გადაიხდის დაჯარიმებული და მას მართვის მოწმობა აღუდგება. ძველი კანონმდებლობით გამოცდის ჩასაბარებლად 3 თვე ლოდინი არ იყო საჭირო. შეწყალების ჯარიმა კი 700 ლარს შეადგენდა.

"ნასვამობასთან მიმართებაში კანონმდებლობა გამკაცრდა, თუმცა ესეც არაა საკმარისი. დასავლურ ქვეყნებში კანონმდებლობა გაცილებით მკაცრია. 6 თვიანი და 1 წლიანი ჩამორთმევა კი არა, რიგ შემთხვევაში 10 წლითაც კი ართმევენ მართვის მოწმობას. შეიძლება რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაც კი დაწესდეს. ეს საზოგადოების დამოკიდებულებისა და მიდგომის შესაცვლელად, პრობლემის უკეთესად გასააზრებლადაა საჭირო," - ამბობს ლალიაშვილი.

მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა ხვალიდან ამოქმედდება. ასევე, 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში ე.წ. უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებული ინიციატივაც.

 

 

allnews.ge


კომენტარები:

ფართი შოპი