"ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყენებს თვითდაზიანებას რომ სამხედრო სამსახურს თავი აარიდოს"

01 Jul 2017 06:06

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, პირი, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების სიმულაციით, თვითდაზიანებების მიყენებით ან ყალბი დოკუმენტების მომზადებით სამხედრო სამსახურის თავიდან არიდებას შეეცდება, ჯარიმით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. კანონპროექტი პარლამენტმა მესამე გუშინ მოსმენით მიიღო და საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკაც დაიმსახურა.

„პრესა.ჯი“ ამ საკითხთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, კანონპროექტი არაა ახალი და არც რაიმე სიახლე შუტანია, მოხდა მხოლოდ მუხლის დაზუსტება.

„ჩემი ინიციატივით მოხდა მუხლის დაზუსტება, რაც გაუადვილებს, როგორც მოქალაქეს, გაერკვეს საკუთარ უფლებებსა და ვალდებულებებში, ასევე სამართალდამცველებს, რომ სწორად მიუდგნენ ამ სამართლადარღვევას. მოტივაცია იყო ის, რომ სამწუხარაოდ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყენებს თვითდაზიანებას სხეულის, ჯანმრთელობისთვის სახიფათოს, რაც, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია“, - აღნიშნა სესიაშვილმა.

- ხშირად, ახალგაზრდების უმეტესობას სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზეზად არგუმენტად მოჰყავს ის, რომ არ უნდათ გუშაგობა(ე.წ „ვიშკაზე" დგომა) და სურთ თავდაცვისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება, რასაც 1 წლის ვადაში ვერ შეიძენენ და დროს დაკარგავენ. რამდენად იზიარებთ და იღებთ ამ არგუმენტს? არსებობს რაიმე კონკრეტული რეფორმა გეგმაში, რომელიც გააქარწყელებს ამ დამოკიდებულებას და სამხედრო სავალდებულო სამსახურს უფრო მისაღებს გახდის ახალგაზრდებისთვის?

- პირველ რიგში,  გააზრებული უნდა გვქონდეს, რომ თითოეული ჩვენგანი არის თავდაცვის ნაწილი.  საომარი მოქმედებების დროს მეხანძრე, ექიმი, პოლიციელი, გუშაგი... ყველა ვართ ჩვენი ქვეყნის დამცველები.

გუშაგობა არის ღირსეული სამსახური. სამწუხაროდ, ზოგიერთი  ცდილობს, რომ საპირისპირო სტერეოტიპი დაამკვიდროს. ეს არის ჩვენი ქვეყნის  უსაფრთხოების სამსახური, თავდაცვის შემადგენელი ნაწილი. შეურაცხყოფილად ვთვლი ყველა იმ პოლიტიკოსის განცხადებას, ვინც ამას მიიჩნევს შავ, ბინძურ სამსახურად. ეს არის აბსოლუტურად არასწორი სტერეოტიპის დამკვიდრების მცდელობა.

რაც შეეხება რეფორმას, ყველა წვევამდელი, მიუხედავად იმისა, წავა თავდაცვის ძალებში, სასჯელაღსრულებაში, უშიშროებასა  თუ პოლიტიკაში, ყველა მათგანი ჩვენ უნდა გადავამზადოთ სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ყველა წლევანდელი უნდა იყოს საერთო ჯამში სამხედრო რეზერვისტი და შესაბამისად, მათ უნდა მივცეთ ის უნარ-ჩვევები, რაც სჭირდებათ თავდაცვითი ოპერაციების განხორციელებისთვის. გეგმის მიხედვით, ყველა წვევამდელს აქტიურად გავატარებთ 3 თვიან მომზადების კურსს.

- ეს კანონპროექტი გააკრიტიკა სახალხო დამცველის აპარატმა და „რეპრესიულ მიდგომად“ შეაფასა. როგორ უპასუხებთ ამ შენიშვნას?

- ვწუხვარ, რომ სახალხო დამცველს და მის აპარატს ელემენტარული პროფესიონალიზმი არ გააჩნია, ელემენტარული ცოდნა არ აქვს ამ საკითხში, იმდენად, რამდენადაც მოქმედი მუხლია და არაფერი ახალი არ შემიტანია, არაფერი არ შემიცვლია. ეს მუხლი, 1997-1998 წლიდანაა მოქმედი. თუკი ვინმე საუბრობს, რომ მე რეპრესიებს ვქმნი, კი არ ვქმნი, ვაზუსტებ.  თუ აქამდე ეს მუხლი არსებობდა და ხმა არ ამოუღია, მაშინ ამას ემატება მისი უპასუხისმგებლობა. სახალხო დამცველის აპარატი იქნება ეს თუ უჩა ნანუშვილი, ცოტა მეტი უნდა ჩაიხედონ კანონმდებლობაში და მარტო განცხადებებით არ უნდა ცდილობდნენ თავის გამოჩენას. 


კომენტარები:

ფართი შოპი