"იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ქვეყნიდან გაქცევა მინდოდა",- ზურაბ ყიფშიძემ ბინა დაკარგა

15 Sep 2018 02:46

მსახიობი ზურა ყიფშიძე უძრავ ქონებასთან წარმოქმნილ პრობლემასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ბანკმა გუდიაშვილის მოედანი მდებარე ბინა, კანონდარღვევით, აუქციონზე დაჩქარებული წესით  გაუყიდა.


„დაახლოებით ერთი წლის წინ, ოჯახის ახლობელმა ბანკიდან გამოიტანა იპოთეკური სესხი 280 ათასი აშშ. დოლარის ოდენობით  და სანაცვლოდ ჩემი ბინა ბანკში ჩადო. რამდენიმე თვის წინ  კი ამ მეგობარმა თავი მოიკლა. შესაბამისად, კრედიტიც დაუფარავი დარჩა. როცა პრობლემები შეიქმნა, პირადად მივედი პრობლემური სესხების უფროსთან, რომელმაც მითხრა, რომ მაძლევდა 12-თვიან ვადას და ამ დროში მე თვითონ შევძლებდი რეალურ ფასად ბინის გაყიდვას. 


ვინაიდან კრედიტის პროცენტის გადახდის საშუალება არ გვქონდა, მთელი ოჯახი ჩავერთეთ პროცესებში და ვეძებდით რეალურ მყიდველებს. ამასობაში კი ბანკის წარმომადგენელმა დაურეკა ჩემს ცოლს, რომელიც ვერც მიხვდა რა ხდებოდა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ  ბინა 12 თვეზე გაცილებით ადრე გაგვიყიდეს. ფაქტობრივად, გაფრთხილების გარეშე“,- აღნიშნავს ზურაბ ყიფშიძე.


როგორც მსახიობი "კომერსანტთან" საუბრისას აღნიშნავს, ბანკი არ ასახელებს მისი ბინის მყიდველის ვინაობას. მხოლოდ ის გაიგეს, რომ იგი 300 ათას ლარად გასხვისდა და ვიღაც უცხოელმა იყიდა.


„ბევრი ვინერვიულე, ძალიან მერიდება ამაზე ლაპარაკი. შვილებმა გაავრცელეს ეს ამბავი უნებართვოდ, თორემ ხმას არ ამოვიღებდი, ისე ვიბრძოლებდი სამართლიანობისთვის.  იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ქვეყნიდან გაქცევა მინდოდა. ბევრი ადამიანია საქართველოში ასე გაუბედურებული და ყველას მაგივრად მე ვიბრძოლებ“,- აღნიშნავს ზურაბ ყიფშიძე.


"რეზონანსი"


კომენტარები:

ფართი შოპი