პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:
"ასეთი პატარა ქვეყანა ამდენ მოღალატეს როგორ იტევს, დამძიმებული ვარ. უცბად ამოტივტივდა ფენა, რომელიც მზადაა ყველაფერი წამებში დათმოს: მიწა, წიაღისეული, ტრადიცია, კულტურა, ეროვნება, რწმენა. ამ გაუგონარ ღალატს აბსურდული ეკონომიკური პერსპექტივით ამართლებენ. ერი მორალურად, მენტალურად იცვლება და ეს არ ხდება ჩვენი სრულყოფილების მისაღწევად ან ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და წისვლისთვის. ეს ხდება ჩვენი გაქრობისათვის. არჩევნებისადმი რწმენა აღარაა, არჩევნები ერთ თეატრალურ წარმოდგენად იქცა... სოხუმი და ცხინვალი, ახალგორი და კოდორი ზემოხსენებულმა ფენამ გონებაშიც დათმო და ფიზიკურადაც... ისეთი დეგრადაცია მიდის, საჯარო პირები ერთმანეთს სასქესო ორგანოებად მოიხსენიებენ...
"გირჩი" რომ სახელმწიფო მანქანის პროდუქტია, ეჭვი კიდევ ვინმეს ეპარება? ნებისმიერ თქვენგანს მარიხუანა რომ პირდაპირ ეთერში დაეთესა, მოეწია, რელიგიური სექტა ჩამოეყალიბებინა, "მღვდლები" ეკურთხებინა და 7000-ზე მეტი წვევამდელი დეზერტირად ექცია, რას უზამდნენ, როგორ ფიქრობთ? ეს გაუგებარი ნახევარფაბრიკატები ვინ წაახალისა, ვინ "აბლატავა", ვინ გამოიყენა პლანის პლანტაციების პროექტის წინაპირობად, ხომ ვერ მეტყვით? ტელეკომპანია "იმედი" 24 საათიან რეჟიმში რომ სხვადასხვა ნარკოტიკის პირდაპირ პროპაგანდას ეწეოდა, ესეც შემთხვევით მოხდა, ეტყობა... სახელმწიფო მანქანა და სახელმწიფოს ინტერესი, ალბათ, არ იყო. ცუდია, პატივცემულო მმართველო გუნდო, ძალზედ ცუდია, რომ ასეთი დაბალი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ ერზე და გგონიათ, რომ ისეთი იდიოტები ვართ, ვერაფერს ვხვდებით. ამ თითქოს მიძინებული ერისთვის მარიხუანას პლანტაციის გაშენების თემა უკვე ის წითელი ხაზია, რომელსაც ვერ გადმოკვეთთ, ახლავე გეუბნებით. ამიტომ ხსენებული კანონპროექტის ავტორებს ვურჩევ: გაიწვიონ ეს პროექტი პარლამენტიდან და თავი დაანებონ საქართველოს ესკობარიზაციის მცდელობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანაფის ყლორტებთან ერთად გაგიტანთ ქართველი ხალხი ქვეყნიდან და ექსპორტის სახით გაგიშვებთ ავღანეთში.
ისე, ერთი სასარგებლო მცენარე ხარობს საქართველოში- ჭინჭარი. ურჩი ბავშვების დასასუსხად იყენებდნენ სოფლებში. არ გაწყენდათ მარიხუანას პლანტაციის გაშენების იდეის ავტორებს ეს ხალხური მეთოდი".