„ჩვენზე ლაპარაკობს, არაფრის გადამწყვეტი არ ხართო და სააკაშვილზე სიტყვა ვახსენე და ეს მონა, როგორ ახტა იმ წუთას. გაჩუმდი, რაა, მოითმინე,“ - ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ქართული ოცნება - კონსერვატორების წარმომადგენელმა, ზვიად ძიძიგურმა ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, მიმართა.
ზვიად ძიძიგური მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი რიტორიკა შეცვლილი არ არის.
მისი თქმით, სააკაშვილი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და ძიძიგურის განცხადებით, ენმ დესტაბილიზაციას ცდილობს.
„არც ხავერდოვანი რევოლუციები სჭირდება ამ ქვეყანას და არც სამხედრო გადატრიალებები და ის, რაც თქვენი ოცნებაა და მოღრეცილ ტვინებში არის და თქვენი ლიდერის მოღრეცილ ტვინში არის, პირველ რიგში, ჩაბუდებული, ის არასდროს არ განხორციელდება ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ძიძიგურმა.
ძიძიგური ომეგა ჯგუფის საქმეზე გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებზეც საუბრობს. მისი თქმით, ჩანაწერების გამოქვეყნება საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაგრძელდება.
არჩევანის ეთერში კამათი ძიძიგურის განცხადებებს მოჰყვა, რა დროსაც ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ მისი ნათქვამი რეალობას არ შეესაბამება.
ნიკა მელიას თქმით, რევოლუციას საზოგადოება აწყობს და არა რომელიმე ოპოზიციური პარტია.
„რაინდი, პროვოკატორი,“ - მიმართა ძიძიგურმა ნიკა მელიას, რა დროსაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ის „უსამართლო ადამიანებთან“ ბრძოლას გააგრძელებს.