გორში გარდაცვლილი ცხრა წლის გოგონას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვის ცხედარს ძალადობის ნიშნები ეტყობა.
მათი თქმით, ბავშვს ხელები ალუმინის მავთულით აქვს შეკრული, თავზე კი ცელოფანი აქვს ჩამოფარებული.
მდინარე ლიახვის სანაპიროსთან, სადაც ცხედარია ნაპოვნი, ადგილობრივები შეიკრიბნენ, მათი თქმით, გოგონა მოკლულია და მკვლელი სასწრაფოდ უნდა იქნეს ნაპოვნი.
ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ბავშვი სხვა ადგილას არის მოკლული და ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირზე, სახლთან ახლოს გადამალვის მიზნით მიიტანეს, რადგან მათი თქმით, ადგილი, სადაც ცხედარი იპოვეს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაათვალიერეს.
9 წლის გოგონას პოლიცია და ოჯახი დღეს შუადღის შემდეგ ეძებდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.
უწყების ცნობით, ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება.
