ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, კვების ბლოკის შესამოწმებლად, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა

26 Oct 2018 04:20

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო პორტალი "მხარე" უცვლელად გთავაზობთ:

 

"თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.  ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ადგილი ჰქონდა აღსაზრდელთა ჰოსპიტალიზაციის ფაქტს,  3 აღსაზრდელი მკურნალობას გადის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში. პატარებს აღენიშნებათ პირღებინება, დიარეა და ტემპერატურის მატება.


მიმდინარე პერიოდში ხშირია ვირუსული ინფექციები, მათი გავრცელება იმატებს ჰაერის ტემპერატურის ვარდნასთან ერთად.


ამის მიუხედავად, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა შემოწმდეს კვების ბლოკი და გამოირიცხოს კვებითი ინტოქსიკაცია. ასევე, სააგენტოს რეკომენდაციით, პროდუქტების გარკვეული ნაწილის სინჯები გადაიგზავნა ლაბორატორიაში კვლევისთვის. ბაგა-ბაღში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაო.


ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი დადგინდეს, რა გახდა ბავშვების ინფიცირების მიზეზი -საკვები თუ ვირუსული ინფექცია."- ნათქვამია განცხადებაში. 


კომენტარები:

ფართი შოპი